8-02-2023
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეფასდა. ხარისხის გარე შეფასება საერთაშორისო, დამოუკიდებელმა და მაღალკვალიფიციურმა ბრიტანელმა ექსპერტმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზოგადად შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს. მიღებული შეფასება სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად აკმაყოფილებს გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
ექსპერტის მიერ ხაზი გაესვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მიიღო შეთავაზება CMIIA-ს კვალიფიკაციის მინიჭებაზე.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის დანერგვის შემდგომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი პირველია, ვინც მსგავსი დონის საერთაშორისო შეფასება მიიღო. მანამდე უმაღლესი შეფასება მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს.
16-11-2024
16-11-2024