12-02-2023
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
16-11-2024
16-11-2024