ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"პუტინმა პირდაპირ უთხრა დასავლეთს, არ მიიღოთ უკრაინა და საქართველო ნატოშიო..."
27-07-2018
ჰელსინკიში გამართულ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან ორიოდე დღეში ვლადიმირ პუტინმა ორჯერ მოასწრო საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებაზე მუქარით ლაპარაკი. "ფოქს ნიუსის" წამყვანის შეკითხვას: "თუკი ნატო თავის რიგებში მიიღებს უკრაინას ან საქართველოს, რა რეაქცია გექნებათ?" პუტინმა სწრაფად და მოკლედ უპასუხა: "უარყოფითი!" და იქვე ვრცელი განმარტებაც მოაყოლა. ამ ინტერვიუდან ისიც გამოჩნდა, რომ რუსეთი საფრთხედ აღიქვამს საქართველოს თანამშრომლობას ნატოს ცალკეულ წევრებთანაც.
"ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატოს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე", - ეს კი პუტინმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის განცხადებები, მით უფრო - დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ და შესაძლოა თუ არა, ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებას საქართველოს ინტერესები შეეწიროს? ან
როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება?
ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.
- სამწუხაროდ, რუსეთისა და პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის განცხადებების ადრესატი უფრო ტრამპი და დასავლეთი იყო, ვიდრე - საქართველო და უკრაინა. ეს ყველაფერი ერთხელაც ცხადყოფს, რომ რუსეთთან პატარა დათმობაც კი შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ თვითონ გადავიდეს შეტევაზე. პუტინმა პირდაპირ უთხრა დასავლეთს, არ მიიღოთ უკრაინა და საქართველო ნატოშიო... თუმცა, ვფიქრობ, დასავლეთს აქვს თავისი დღის წესრიგი და ეს მუქარა ვერაფერს შეცვლის.
რუსეთისგან სამხედრო აგრესიას არ ველი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. როგორც კი ნატოსკენ უმცირეს ნაბიჯს გადავდგამთ, რუსეთში მაშინვე ქართული ღვინის ხარისხზე იწყებენ ლაპარაკს. ახლაც ასე იყო. ნატოს ბოლო სამიტზე თითქოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რითაც უკმაყოფილოც კი დარჩა ქართველი საზოგადოება, მაგრამ კრემლის რეაქცია მაფიქრებინებს, რომ ჩვენი პოზიციები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ გზაზე, როგორც ჩანს, უფრო გამყარდა და პუტინმაც არ დააყოვნა. ამ ვითარებაში საქართველოს სჭირდება დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობა. დავით ზალკალიანი ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ როგორ მოახერხებს ქართული საგარეო პოლიტიკა ამ პროცესებთან გამკლავებას, ვნახოთ. ამას დიპლომატიური ხელოვნება და დიდი გამჭრიახობა დასჭირდება.
რუსეთი არის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ვერაფერი უშველა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა. დაწესებული მკაცრი სანქციები ქვეყანას უფრო და უფრო ასუსტებს. ეს არის ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა და რაიმე რესურსი, რომ დააშინოს ამერიკის შეერთებული შტატები, მას არ აქვს.
- თუმცა აშშ-რუსეთის ჰელსინკური სამიტის შემდეგ ანალიტიკოსების უმრავლესობა აცხადებდა, რომ ამ ვითარებაში მოგებული უფრო პუტინი დარჩა, ვიდრე ტრამპი...
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა აძლევთ მათ ამგვარი შეფასების საფუძველს. ჩვენ ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტებმა. თუ ვინმე ამას შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით ასკვნის, შევახსენებ ერთს: რეალური პოლიტიკა ჩანს არა ლაპარაკით, არამედ ინსტიტუციების ქმედებებით. აშშ-ში იმდენად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციებია, რაც უნდა თქვას ტრამპმა, ეს სახელმწიფო პოლიტიკას ვერ შეატრიალებს. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. პროცესები ისე წარიმართება, როგორც ინსტიტუციები გადაწყვეტენ. სხვაგვარად არის საქმე რუსეთში, სადაც ინსტიტუციები სუსტია და ყველაფერს პუტინი განაგებს. ამ შეხვედრის რეალურ შედეგს თუ უშედეგობას ორ-სამ თვეში ვნახავთ. ვეჭვობ, ამ ორ ქვეყანას შორის დათმობა მოხერხდეს; არც ის მგონია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მოწოდებას - მოვუხსნათ რუსეთს სანქციებიო, ვინმე გაიზიარებს. ჩემი აზრით, პროცესების სვლა ცივი ომისკენ, თავისი მწვავე და და მშვიდი ფაზებით, კვლავ გაგრძელდება.
სხვათა შორის, ტრამპმა განაცხადა, პუტინს თუ ვერ მოველაპარაკე, ის ჩემი ყველაზე დიდი მტერი იქნებაო...
- პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბრიუსელს. ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი...
- სტოლტენბერგის მხარდამჭერი განცხადებები და რუსეთის მისამართით მოწოდება, რომ შეწყვიტოს ოკუპაცია და გაიყვანოს საქართველოდან ჯარი, იყო პასუხი პუტინის მუქარაზე და მინიშნება, რომ მან რაც უნდა თქვას, ნატო თავის პოლიტიკას გააგრძელებს.
რაც შეეხება ბახტაძის ვიზიტს, ეს იყო უფრო გაცნობითი ხასიათის ვიზიტი. ის ჯერ გამოუცდელი პოლიტიკოსია. იმედი ვიქონიოთ, რომ დროულად აუღებს ყველაფერს ალღოს.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ ცვლილებებს, რაც ახალმა პრემიერმა შემოგვთავაზა. თავიდანვე გეტყვით, რომ მე მომწონდა გიორგი კვირიკაშვილი და დღესაც ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის საუკეთესო პრემიერი იყო.
ეს სტრუქტურული ცვლილებები კი არის ბუტაფორიული. ამ გზით მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლებლად მიმაჩნია. თითქოს ტრადიციად მკვიდრდება, რომ ყოველი ახალი პრემიერი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ცდილობს, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია. ყოველი ახალი პრემიერი ფიქრობს, რომ მასზე ჭკვიანი არავინ არის, არადა, სახელმწიფო სტრუქტურა და მისი მართვა არ არის ისეთი მარტივი, რომ დაჯდე კაბინეტში, დახატო რაღაც და ქვეყანა ააღორძინო. სახელმწიფო მართვა არ არის კომპანიის მენეჯმენტი, ეს სულ სხვა სფეროა, რომელსაც სხვა ინსტრუმენტები და ცოდნა სჭირდება.
წავიკითხე ბახტაძის 52-გვერდიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელშიც ახალი ვერაფერი დავინახე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია კულტურის სამინისტროს გაუქმება. ბატონმა ბახტაძემ ბრძანა, რომ ეს გაერთიანება ემსახურება ჩვენი ახალგაზრდობის სრულყოფილ აღზრდას. კი მაგრამ, კულტურა მარტო ახალგაზრდობის კუთვნილებაა? მას ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ, მისი ასე აბუჩად აგდება არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი დანაშაული. ერთ სამინისტროში ამდენი რამის თავმოყრა ნიშნავს, რომ ვერც ერთის მართვა ვერ მოხერხდება ნორმალურად.
- პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ გი-ორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ორგანიზებული შავი პიარის კამპანია მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება გამოდგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც მან ტყიბულში დატრიალებული მორიგი ტრაგედიის შემდეგ თქვა, რომ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი საკანონმდებლო სისტემის შექმნაში პარლამენტს გიორგი კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი...
- ეს განცხადება არის სრული ნონსენსი; რბილად რომ ვთქვათ, მიამიტური, ბავშვური, ოროსანი მეორეკლასელის გამოსვლა. კობახიძის განცხადება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისე გამოიყვანა, თითქოს პარლამენტი ყოფილიყოს ანგარიშვალდებული მთავრობასთან და არა - პირიქით. შესაძლოა, კობახიძე გულისხმობდა იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილი იმჟამად იყო პარტიის თავმჯდომარე და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაზე მუშაობისას სწორედ პარტიული გადაწყვეტილებით მიიღეს ცვლილებები.
ფაქტი ერთია: მივიღეთ შრომის უსაფრთხოების ისეთი კანონი, რომელმაც ქართველი დასაქმებული მონად აქცია. ახლა შეცვალონ, კვირიკაშვილი ხომ აღარ უშლით ხელს?! ვიღაცისთვის ეს დაგვიანებული იქნება - ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ იქნებ სხვები მაინც გადაარჩინონ!..
ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ "ქართული ოცნების" ამჟამინდელ თავმჯდომარის პრიორიტეტი როგორმე სიმშვიდის შენარჩუნებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ბოლო წვეთი იყო ის ქუჩის აქციები, რომლებიც ჯერ ღამის კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, შემდეგ კი - ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას.
გიორგი კვირიკაშვილი მართლაც ვერ გაუმკლავდა ამ პროტესტს, მიამიტურად მიუდგა. იფიქრა, მივალ აქციაზე და ყველაფერი კარგად იქნებაო... ამ პროცესებს კი მართვა სჭირდებოდა. მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ძალოვან სტრუქტურებს არ მართავდა. მას თეა წულუკიანიც კი არაფერს ეკითხებოდა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში ერეოდა. თუმცა ერთია ადამიანის შეცვლა და მეორე - ტალახის ის ნიაღვარი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს მისი და მისი გუნდის წევრების მიმართ...
- პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები, რასაც მედიაში აჟიოტაჟი მოჰყვა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა: "წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ჭორები. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს ნათქვამი უარი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა. როგორც წესი, შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები".
- როგორც ცნობილია, დიმიტრი ქუმსიშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან და მზად არის, ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. ასევე, ალბათ თავად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომელიც ამ გამოძიებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილის თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარებებიც მართული პროცესია. ჭორებს და შავ პიარს კი, სავარაუდოდ, ის ხალხი აგორებს, რომელთა ინტერესები კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიბლოკა. დარწმუნებული ვარ, ყოფილი პრემიერის გუნდის მისამართით ბევრს დაქადნებულიც ექნება, მოგხსნიან და მერე მოგივლითო.
ამ გავლენიანმა ჯგუფებმა აქტიურად აამუშავეს "ფეისბუქტროლები" და ყოფილი პრემიერის გუნდს სოცქსელებიდანაც შეუტიეს.
გარდა ამისა, დღეს ხელისუფლებაში გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს და უშვებენ იმ ხალხს, ვინც ოდნავ მაინც არის დაკავშირებული კვირიკაშვილთან.
თუ დღეს კვირიკაშვილის წინააღმდეგ აგორებული ეს შავი პიარი იმას ემსახურება, რომ საარჩევნოდ დაგვაჯერონ, თითქოს ყველაფერი ცუდი კვირიკაშვილის ბრალი იყო და ახლა ესენი ააშენებენ ქვეყანას, ძალიან ინფანტილური იმედი ჰქონიათ, რადგან ჩვენ სულელები არ ვართ და ასე ადვილად ვერავის მოატყუებენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდეც იყო ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი. ძალიან უცნაურია, რომ მათ შორის ასეთი უთანხმოება მოხდა... ერთი რამ აშკარაა: "ქართულ ოცნებაში" ადამიანური რესურსების დიდი დეფიციტია და სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო პროფესიულად მოუმზადებელი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში...
- გასულ კვირას "ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვით კვლავაც გამოჩნდა, რომ პარტიაში უთანხმოებაა. რას ფიქრობთ მომხდარზე? ჭიჭინაძის თქმით, მმართველი პარტია კომკავშირული ორგანიზაციის გზას დაადგა...
- ვფიქრობ, რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ასეთი ცენტრიდანული პროცესები მით უფრო გააქტიურდება. ერთი კაცის გარიცხვა პარტიის დაშლას არ ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ პარტიაში უკმაყოფილება დიდია. ეს არის ძალიან ამორფული წარმონაქმნი. იქ ხომ ხალხი იდეოლოგიური თვალსაზრისით არ არის გაერთიანებული - მათ აერთიანებთ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ბიძინა ივანიშვილი. როგორც კი ძალაუფლების ხელიდან გამოცლის საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე აჯანყდებიან, ან თუ დაინახეს უფრო ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, მასთან ისკუპებენ. ამგვარი მაგალითი იმდენი გვინახავს! "ქართულ ოცნებაშიც" რამდენია "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოქცეული კაცი, ძალიან კარგად რომ გრძნობენ თავს და არაფერი აწითლებთ?! ოპოზიცია ახლა სუსტია, ამიტომაც მათ ჯერჯერობით სჭირდებათ "ქართული ოცნების" ძალა და ფინანსები, მაგრამ თუ ოპოზიციაში გამოჩნდა ფულიანი ხალხი, ყველაფერი აირ-დაირევა...
როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა არსებობს და ქვეყნის მართვა ერთი ძალის ხელშია, არის დიდი საფრთხე, რომ მათ ავტორიტარიზმისკენ გაექცეთ ხელი, მით უფრო, რომ ორი ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ უფრო დიდხანს დარჩენის სურვილი მძაფრდება ხოლმე.
თუ "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის გზას დაადგა, მაშინ ნამდვილად დასჭირდება კეზერაშვილის მსგავსი და მასზე უარესი ხალხი, ვინც ყველაფერზე იქნება წამსვლელი. ამ დროს საზოგადოების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
მაიმედებს ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური პროტესტი კი ქრება და "ქართულმა ოცნებამ" როგორმე დასკვნები უნდა გამოიტანოს.
ჩემი აზრით, ლაკმუსის ქაღალდი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ვნახოთ, ვის დაასახელებს მმართველი ძალა კანდიდატად...
- პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ელოდება მის გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე და ამიტომ აჯანჯლებს საკუთარი კანდიდატის დასახელებას...
- გამიჭირდება იმის თქმა, ვინ ვის ელოდება, თუმცა, ვფიქრობ, მარგველაშვილი სწორად იქცევა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ რომ არ ამხელს. მას აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, თუ "ქართული ოცნება" მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მმართველი ძალა არჩევნებს წააგებს.
მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კიდევ რვა პარტიამ დაასახელა კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე. ვფიქრობ, რა შესაძლებლობაც ჰქონდათ, საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს, თუმცა მას შანსი არ აქვს... ნამდვილად განათლებული და გაწონასწორებული ადამიანია, ასევე პლუსია ისიც, რომ ნინო ანანიაშვილის მეუღლეა... ერთი კია - ცოტა უცნაურია, როდესაც ზოგიერთი ამბობს, რომ ვაშაძის გვერდით მისი დასავლური ორიენტაციის გამო დგას და ეს მაშინ, როცა ამ "დასავლური კურსის მიმდევარმა" ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა...
"კვირის პალიტრა"