გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აეროპორტების განვითარების გეგმაზე ვიწყებთ მუშაობას

14-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანული კომპანია Steer - ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების სექტორის კვლევას ახორციელებს. კვლევა მოიცავს 2032 წლამდე პერიოდს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვლევის დროს მოხდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების შეფასება, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა, აგრეთვე მზაობა, მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, რაც 2032 წლამდე პერიოდშია მოსალოდნელი. აღინიშნა, რომ კვლევა მიზნად ისახავს, დაადგინოს აეროპორტების გაფართოვების საჭიროება და მოძებნოს განვითარების ალტერნატიული გზები. ამასთან, შეფასება მოხდება როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით.


„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ამით ჩვენს ქვეყანას ექნება ერთიანი სისტემური ხედვა, როგორ უნდა მოხდეს აეროპორტების განვითარება სამგზავრო გადაყვანებისა და კარგო გადაზიდვების მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით შიდა აეროპორტების გაფართოების და ახალი ლოკაციების იდენტიფიცირების შესაძლებლობას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტების შესახებ კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოში აეროპორტების განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ.


კვლევის ფარგლებში, ავიაციისა და აეროპორტების სექტორის ექსპერტები გამართავენ შეხვედრებს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების, თბილისისა და ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia - ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამარ არჩუაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930