14-02-2023
Gorgasali Battle Royale - ასე ქვია საქართველოში ყველაზე პოპულარულ სამაგიდო თამაშს, რომელიც ბევრ ქართველს დაეხმარა სამაგიდო თამაშების პირველი გამოცდილების მიღებაში. თამაშის იდეა 6 მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც სამაგიდო თამაშების არჩევანის ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტეს, ახალი თამაში თავადვე მოეფიქრებინათ. მეგობრებმა კომპანია BG Era games დაარსეს და დაიწყეს რთული პროცესი, რასაც ისტორიის დაწერა, მექანიზმის დაბალანსება, უამრავი სატესტო მცდელობა და საბოლოოდ მხატვრის მოძიების შემდეგ, იდეის სრულყოფა მოჰყვა.
,,ბუნებრივია, Gorgasali Battle Royale-ის შექმნა იყო რთული. საწყის ეტაპზე ჩვენი ერთადერთი იარაღი ენთუზიაზმი და თამაშების სიყვარული იყო. ჩვენ სრულიად გამოუცდელები ვიყავით ამ სფეროში და ზოგადად, სამაგიდო თამაშები იმ პერიოდში საქართველოში არცთუ ისე პოპულარული იყო, თუმცა დღეს პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე" — ვახტანგ ინორიძე, BG Era Game-ის დირექტორი.
BG Era Games სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი გახდა, რამაც ხელი შეუწყო თამაშის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთის, ამერიკის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა, ესპანეთის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
,,სწორედ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები ზემოთ ხსებებული ქვეყნების ყველაზე დიდ კომპანიებთან. ამ მოლაპარაკებების წამოწყება მოხდა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე - Spielwarenmesse, რომელშიც წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა" — ვახტანგ ინორიძე, კომპანიის დირექტორი.
Gorgasali Battle Royale-ის შემდეგ კომპანიამ ახალი თამაში „მეგალომანია" წარადგინა. თამაშმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და მსოფლიოში ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ონლაინ სამაგიდო თამაშების სივრცეში - Boardgamearena გამოჩნდა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
BG Era Games მუდმივად ცდილობს პროდუქციის დახვეწას და გამრავალფეროვნებას. კომპანიის პროდუქტის შეძენა უკვე ამერიკაში Amazon.com-ზეა შესაძლებელი და საკმაოდ მოთხოვნადია.
16-11-2024
16-11-2024