15-02-2023
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, ოპოზიციის მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„გარდა იმისა, რომ ეს კანონპროექტი ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი სახეა, ჩვენ ვიზიარებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებასაც, რომლებმაც დედანის კალკირება გააკეთეს. სრულიად ვეთანხმებით ევროპის „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, მონიკა ჰოლმაიერის მოსაზრებას „უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის“ შესახებ, რომელმაც თქვა, რომ „ვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ისინი ჩვენი დემოკრატიის მტრები არიან“.
თუკი ევროპამ ახლა დაიწყო მსჯელობა, ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც არის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის საქართველოს ექვივალენტი FARA“. ოპოზიციამ ისევ იჩქარა და ცხვირი წაიტეხა. საინტერესოა, ახლა ვის დააბრალებენ რუსეთუმეობას, ამერიკას, ისრაელს, ავსტრალიას თუ ევროკავშირის „სახალხო პარტიას“? ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. თუ ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ოპოზიცია, მაშინ ვურჩევ, ჯერ წაიკითხონ და მერე გააქილიკონ სხვა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.