გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი, თუმცა, ამ აბსურდულ ჩანაწერებს ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ხოლმე

15-02-2023

საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ფაქტია. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, დარწმუნებულები ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად უფრთხილდებოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ კეთდებოდა აქცენტი კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე, თუმცა, მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნათელი გახდა საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის სისტემური პრობლემა.


„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციის ცვლილებების ინიციატორმა ევროპარლამენტარებმა კარგად იციან არსებული რეალობა, თუმცა, ისინი შეგნებულად მფარველობენ კონკრეტულ დამნაშავეებს, პოლიტიკური ინტერესის გამო. რაც შეეხება ანდრიუს კუბილიუსის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - კობახიძის შეფასებით, კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრება არა ევროკავშირის ან „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ გლობალური ომის პარტიის სახელით.

 

„მთავარია ქართული საზოგადოება რას როგორ აღიქვამს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან: ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, კუბილიუსს ვგულისხმობ, საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირის და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა, თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის „ევროპის სახალხო პარტია“ - ეს არის გლობალური ომის პარტია. ის სწორედ ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930