გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

16-02-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ი.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი და მჭიდი.


ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ა. ქალაქ რუსთავში, ხოლო 1987 წელს დაბადებული ა.ტ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ლ.ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა. ა.ტ.-ის პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, 20 ვაზნა და მჭიდი.


შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული გ.ს. და 1998 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.დ. საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. მისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პისტოლეტები და მჭიდები.


ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ზ. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 30 ვაზნა და 2 სანადირო თოფი ამოიღეს.


რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1960 წელს დაბადებული ვ.მ.,ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1983 წელს დაბადებული მ.ბ., ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1968 წელს დაბადებული გ.ვ., მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1963 წელს დაბადებული თ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „MAGNUM“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა.


პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც მ.ბ.-ი გადაადგილდებოდა, ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო შაშხანა, 22 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი.


გ.ვ.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული 2 რევოლვერი, შაშხანა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 248 ვაზნა.


პოლიციამ თ.გ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 40 ვაზნა.


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ზ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების,გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930