27-07-2018
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივ ჰედლი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს იხსენებს. ამის შესახებ ჰედლიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ილაპარაკა.
"პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცადა: მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა.
ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”, – აცხადებს სტივ ჰედლი.
რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება. თუმცა ბრძოლები მაშინვე არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა, ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.