გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორად ქეთევან ებრალიძე აირჩიეს

16-02-2023

თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ქეთევან ებრალიძე მეორე ვადით აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. თსუ ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ქეთევან ებრალიძემ ინსტიტუტშიმუშაობა 1988 წელს უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო, 2018 წელს კი პირველი ვადით აირჩიეს დირექტორად.

 

ქეთევან ებრალიძის თანაავტორობით მაღალრეიტინგულ, საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში გამოქვეყნებულია 160 სამეცნიერო პუბლიკაცია და საკონფერენციო თეზისი. ასევე, მისი თანაავტორობით გამოცემულია 3 მონოგრაფია. იგი არის 6 ინტელექტუალური საკუთრების (სასარგებლო მოდელი) თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც ძირითად შემსრულებელს 15-მდე საერთაშორისო (OSCE, CRDF, ISTC) და ადგილობრივ საგრანტო პროექტში.

 

პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ბუნებრივი ნედლეულის ქიმიურ–ტექნოლოგიური და ქიმიური ეკოლოგიის პრობლემების შესწავლაში. ინსტიტუტის მისიაა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ქიმიური მეცნიერების მობილიზაცია, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა–ძიება, ახალი მასალების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და გარემოს დაცვის საქმეში მათი გამოყენების შესაძლებლობების დადგენა.

 

ინსტიტუტში 2000 წლიდან განხორციელდა  40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო პროექტი (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ეუთო, ISTC, GEX, CARYS, STCU). ახლო მომავალში ინსტიტუტი გეგმავს საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უცხოელ და ადგილობრივ სამეცნიერო წრეებთან ერთობლივი სამეცნიერო და საგრანტო პროექტების, საერთაშორისო სემინარების და კონფერენციების განხორციელების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930