გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

19-02-2023

საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
 
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.
 
აქვე ხაზგასმით აღინიშნა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის  შესაბამისობის კუთხით.
 
პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა,  რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
 
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები  ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
 
საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930