20-02-2023
რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქართული რაგბის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც ტალახში სვრიან.
ყველანაირად ვეცადე, რომ ჩვენი სახელოვანი მორაგბეებისთვის, რომლებიც მთელი თავიანთი ფიზიკური, ემოციური, გონებრივი ძალებით საქართველოს სასახელოდ იხარჯებიან და ისტორიულ წარმატებებს ზედიზედ აღწევენ მსოფლიო ასპარეზზე, ჩირქი არ მოეცხო პოლიტიკური ანგარიშსწორებით გონებადაბინდულ, ყველაფრისმკადრებელ ვითომ ჟურნალისტთა ჯგუფს“ტვ-პირველზე“; როგორც კი შემატყობინეს „ტვ-პირველის“ ანონსის შესახებ თითქოს იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი მორაგბეთა ნაკრები იყო დაბინავებული იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ - რუსი ოლიგარქი ჩავიყვანე ვერტმფრენით და რესტორანში გავუმასპინძლდი, გავავრცელე უარყოფა და სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეში სარფში, სასტუმრო ლიცში მატჩის წინ განთავსებული იყო ჩვენი ნაკრები, მწვრთნელები, ექიმები, ტექნიკური პერსონალი, საკომუნიკაციო ჯგუფი და რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, ჩემი ჩათვლით - ასამდე ადამიანი, რომელთა მალულად ვინმეს მართლაც რომ მოენდომებინა ნებისმიერი პირის შეუმჩნევლად და თან საგანგებოდ გამასპინძლება, იყო სრულიად შეუძლებელი. ავხსენი ისიც, რომ სასტუმრო ლიცი შეირჩა ქალაქიდან გარიყული მდებარეობის გამო, რათა სპორტსმენებს ჰქონოდათ მატჩამდე სრულ სიმყუდროვეში კონცენტრირების და ძალების მობილიზების საშუალება, და, რომ ამავე მიზეზით, რაგბის კავშირის თხოვნით, სასტუმრო დახურული იყო სხვა სტუმრებისთვის.
გავავრცელე ფოტო მასალაც იმის საჩვენებლად, რომ სინამდვილეში ჩემი პირადი სახსრებით დაქირავებული სამი ვერტმფრენით სვანეთი, რაჭა და აჭარა დავათვალიერებინე სარაგბო სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს, მათ შორის კლოდ სორელს და რიჩ დიქსონს, საერთაშორისო ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს, რომლებიც მთელი ევროპიდან ჩარტერული რეისით ჩავიყვანეთ ბათუმში მატჩზე დასასწრებად, და ასევე ჩემს პირად სტუმრებს, ქართული რაგბისა და საქართველოს უდიდეს გულშემატკივრებს, - მარკ ჰეინეს დანიელს, რომლის საინვესტიციო კომპანია ქასქადენ გრუპი 200 მილიარდი დოლარის კერძო აქტივებს მართავს და იაშა ელიგულას, რომლის კომპანია მსოფლიო მასშტაბის კონცერტებს აწყობს, პირადად კი მრავალმილიარდიანი უძრავი ქონების აქტივებს ფლობს.
10 ივლისს, პირველად ისტორიაში 6 ერის წევრი იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით დავამარცხეთ და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ ქართული რაგბის სასწაულზე - სამწუხაროდ, რაგბისა და საქართველოს წარმატება, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით ტვ-პირველი მხოლოდ ბოღმითა და ღვარძლით აღავსო და მას შემდეგ მოყოლებული შურის საძიებლად, ჩირქის მოსაცხებად ეძება კომპრომატი და რომ ვერ მიაგნო, გამოიგონა ჩვეული ფორმულირებით - “ჩვენი ინფორმაციით” - თითქოს იტალიასთან ისტორიული მატჩის წინა დღეს, როდესაც მთელი სარაგბო ოჯახი ბრძოლისა და წარმატებისთვის იყო მობილიზებული, სწორედ იქ სადაც ეს ოჯახი იყო განთავსებული, სასტუმრო ლიცში სპეციალური ვერტმფრენით რუს მილიარდერს გავუმასპინძლდით, რომლის გვარი პირადად მე პირველად გავიგე - ბინძური ცილისწამება და დაუმსახურებელი, დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა პირადად ჩემი, ქვეყნის მესაზღვრეების, მთავრობის და სახელოვანი ქართულ მორაგბეთა მისამართით, რომლებიც ბინძური კონსპირაციის ნაწილად წარმოაჩინეს.
“თავისი ინფორმაციით” ტვ-პირველი ბიძინა ივანიშვილსაც გადაწვდა, ქართული რაგბის მოამაგეს, რომლის შემწეობით აშენებულ სარაგბო სტადიონებზე აღზრდილი მორაგბეები აღწევენ დღეს სწორედ ისტორიულ გამარჯვებებს, და, მას რუსი მილირადერისთვის საკუთარი ვერტმფრენით სარგებლობის ნებართვა დააბრალა.
ყველა ეს ბრალდება, რომ შეთითხნილი იყო, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტებს წინასწარ ეცნობა ტვ-პირველს, უფრო მეტიც შევთავაზეთ სასტუმრო ლიცის სტუმრებისა და ვერტმფრენების მგზავრთა სრული სიაც, რითაც არ დაინტერესებულა და მიზანმიმართულად, ბოროტი განზარხვით გაავრცელა ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი სიცრუე,- იმედი მაქვს ქართული მედია, მისი მომხმარებელი აუდიტორია, სამოქალაქო და ადამინის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჯეროვნად შეაფასებენ ტვ-პირველის ამ კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნის რეპუტაციისთვის ძირგამომთხრელ ძალისხმევას და გაემიჯნებიან მედიის თავისუფლების სლოგანით შენიღბულ ამ დანაშაულებრივ პრაქტიკას”, -აცხადებს იოსებ ტყემალაძე
16-11-2024
16-11-2024