20-02-2023
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის" აღმასრულებელ დირექტორს ტომას პიხლერს, ექსპორტის დირექტორს ალექსანდერ კლიმერს, რეგიონალურ დირექტორს ვალერი იაშინსა და სამხრეთ კავკასიის დირექტორს ნიკოლოზ გრძელიძეს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და "მთის ტრასების კომპანიის" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი" საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას ატარებს პარტნიორებთან რეგიონის 7 ქვეყნიდან, რომლის 40-მდე მონაწილე ადგილზე გაეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს. ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი ადგილზე ნახავენ კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს.
ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო და აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი. ითქვა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მყარი და თანამიმდევრული პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში განავითარო საერთაშორისო სტანდარტის სამთო კურორტი.
შეხვედრაზე „დოპელმაიერის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.
16-11-2024
16-11-2024