21-02-2023
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს, ენრიკო აავის და მისიის წევრებს, რომლებმაც 8-21 თებერვლის პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ვალების მართვა, მსხვილი გადასახადის გადამხდელთა ოფისი, რისკების ანალიზი და საგადასახადო აუდიტი.
როგორც აღინიშნა, მხარდაჭერის ყველა სფეროში მიღწეული პროგრესი აშკარაა. ამასთან, გამოვლინდა არსებული სისუსტეები და გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს დამატებით ყურადღებას.
მისიის წევრებმა გამოთქვეს მზაობა, დამატებითი ძალისხმევა გაწიონ შემოსავლების სამსახურში პრიორიტეტულ სფეროებში პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
16-11-2024
16-11-2024