22-02-2023
„ჩვენთვის ერთი კარგი ჰქონდა ამერიკულ კანონს პრაქტიკაში, რომ გიული ალასანიას ქონებას, თავისი საგვარეულოთი, ვერ გავიგებდით, რომ არ ყოფილიყო ხელშეკრულების დარეგისტრირების ვალდებულება,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კატასტროფული შეზღუდვა და სიმკაცრეა როგორც ამერიკის, ისე რუსეთის კანონმდებლობის შემთხვევაში, სადაც მოქმედებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციისთვის ამერიკული კანონმდებლობა მისაღებია და ისინი მხარს დაუჭერენ, შესაძლებელია თავადაც იფიქრონ ქართული ვარიანტის მხარდაჭერაზე. აქვე, მდინარაძის შეფასებით, მისთვის ამერიკული ვარიანტის მიღება აუცილებელი არ არის, იმდენად შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან.
„ამერიკულ კანონში ხისტი, მკაცრი და უამრავი კატასტროფული შეზღუდვაა, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ამერიკის შემთხვევაში დისკრეცია აქვს გენერალურ პროკურორს, რა დრომდეც უნდათ შეუმცირებს წარმოდგენის ვადას, არ დაუჯერებენ და დაიჭერენ. რუსეთში კიდევ ისე გაამკაცრეს, რომ ბევრად გადაასწრეს ზოგ ნაწილში ამერიკულს, ზოგ ნაწილში შერბილებული დატოვეს, ორივე შემთხვევაში წარმოუდგენელი სიმკაცრეა და თუ ჩვენი ოპონენტებისთვის მისაღებია, რაც ამერიკულ კანონმდებლობაშია, გადმოვაქართულოთ, უბრალოდ ენა შევცვალოთ და დანარჩენი ყველაფერი დავტოვოთ, თუ ეს კარგია, მაშინ მივიღოთ და სპეკულაციებს თავი დაანებონ.
თუ ისინი მხარს დაუჭერენ შესაძლებელია ჩვენც ვიფიქროთ ამ ამერიკული ვარიანტის ქართული თარგმანის მხარდაჭერაზე. პირადად ჩემი შეფასება რაც იყო, ის გადაწყვეტილება მივიღეთ და იმას ვუჭერდით მხარს. გამჭვირვალობისთვის ეს სიხისტე აუცილებელი არ არის და საკმარისია. არ არის აუცილებელი ამერიკული ვარიანტის მიღება. როგორც იურისტს შემიძლია თავისუფლად ვთქვა, ამერიკული და რუსული ვარიანტები არის კატასტროფა იმდენად მკაცრი და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.