გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვანო მერაბიშვილს გადაბირებული ყავდა გია ხუხაშვილი, ეკა ბესელია, კახა ოქრიაშვილი

23-02-2023

ვანო მერაბიშვილს, როდესაც შს მინისტრი იყო და კუდ-იც მას ექვემდებარებოდა, გადაბირებული ყავდა კონკრეტული ადამიანები, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. შემდეგ ეს ადამიანები გახდნენ "ქართული ოცნების" მოძრაობის წევრები - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"- ში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ესენი იყვნენ გია ხუხაშვილი, ეკა ბესელია და კახა ოქრიაშვილი.

 

მისივე თქმით, ხშირად გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი იყვნენ მართული.

 

„მარტო ინფორმაციის გატანაზე არ იყო საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა.

 

კონკრეტული გვარებიც შემიძლია გითხრათ, ოღონდ, არა ჯაშუშების, არამედ არაპირდაპირი, ირიბი აგენტების. მაგალითად, თავის დროზე კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს, როცა ის შს მინისტრი იყო და კუდ-იც მას ექვემდებარებოდა, გადაბირებული ყავდა კონკრეტული ადამიანები, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. შემდეგ ეს ადამიანები გახდნენ "ქართული ოცნების" მოძრაობის წევრები.

 

ხშირად გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი იყვნენ მართული. მაგალითად, ავიღოთ გია ხუხაშვილი, არასდროს მიხსენებია ეს კაცი, თვითონ ილანძღება, დღემდე რაღაც ბოღმას ანთხევს ხოლმე, არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა, საიდან იყო მართული, რაღაც მომენტიდან ყოველ შემთხვევაში. ის 2013 წელს, მალევე გუნდიდან გაუშვეს. მთავარი მიზეზი საბოლო ჯამში იყო ის, რომ იყო მართული, ვერც გამოსწორდა, როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს.

 

გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში. მოგვიანებით საინტერესო ქეისი იყო ასევე ეკა ბესელია. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან ძალიან მძიმე როლი შეასრულა. აქაც ინფორმაცია ვისაც უნდა ცოდნოდა, რეალურად იცოდა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. მან თავი გამოავლინა განსაკუთრებით 2018-2019 წლებში, 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო და სხვადასხვა კუთხით გამოავლინა თავი. გახსოვთ ასევე კახა ოქრიაშვილი, დღეს უკვე ღიად არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მათი უფრო ადრე გაშვება გუნდიდან მეტ რისკებთან იყო დაკავშირებული.

 

 "ზოგადად ჯაშუშობა და აგენტობა, არის ძალიან მძიმე საქმე. დიდ სახელმწიფოს ვერ დაძრახავ იმის გამო, რომ მას ყავს აგენტები, მაგრამ რაც შეეხება ჯაშუშურ საქმიანობას, ძალიან მძიმე ხვედრია. დიდ სახელმწიფოს ვერ გაამტყუნებ, რომ შეიძლება პატარა სახელმწიფოში ყავდეს თავისი აგენტები.

 

ელემენტარული ინტერესის ამბავია, დიდი პოლიტიკაა და დიდს ყოველთვის უნდა, რომ პატარა ქვეყანაში თავისი სარგებელი ნახოს, მაგრამ, ძალიან დასაძრახია ნებისმიერი ჯაშუშის საქმიანობა, ზოგადად, ყველაზე მძიმე ხვედრია აგენტობა. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მათ ბედზე ბოლოს ძალიან მძიმედ აისახება ხოლმე. რაღაც მომენტში შეიძლება კომფორტული იყოს აგენტობა.

 

მაგალითად, ძალიან ბევრი აგენტი იყო წინა ხელისუფლებაში და რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი კომფორტულად იყვნენ, დიდ ფულს შოულობდნენ, ხალხს ძარცვავდნენ, ადამიანებს აწამებდნენ და ამისგან სიამოვნებას იღებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათაც ძალიან ცუდად დაამთავრეს. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან ჯაშუშურ საქმიანობას და მათი ხვედრიც ძალიან მძიმეა. კონკრეტული ადამიანი მახსენდება, სახეზე ეტყობათ ხოლმე გამწარებული გამომეტყველება, იმიტომ, რომ მათ საბოლოო ჯამში უწევთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ უკვე ძალიან დიდ მორალურ დიკომფორტს უქმნის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930