28-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის" საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის" და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის" განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე.
სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.