გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) 30-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

6-03-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) 30-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დარგში ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ვეინვრაითმა. 

 

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარებაზე საუბრისას ემორის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და შევაჯამოთ ემორის უნივერსიტეტთან 30-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა – არაერთი განხორციელებული პროექტი და მნიშვნელოვანი მიღწევები. 

 

მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარების საქმეში. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა გახლავთ, რომლის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაინერგა და განვითარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. 

 

აღსანიშნავია ემორის უნივერსიტეტთან კოლაბორაციით, 2013 წელს დაწყებული პროექტი – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ასევე, განსაკუთრებით მსურს, გამოვყო 2019 წელს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რაც შესაძლებლობას აძლევს მსურველებს მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით. 

 

ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ კენ ვოლკერს, რომელიც 30 წლის წინ ეწვია ჩვენს ქვეყანას და ჯანდაცვისა და განათლების განვითარების კუთხით არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა.“

 

საუბრის დასასრულს მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განათლების სფეროს მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ემორის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე საქართველოს 300-ზე მეტ მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა გაეღრმავებინა ცოდნა და მიეღო მაღალი ხარისხის განათლება სხვადასხვა მიმართულებით.  

 

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ორგანიზაციის „აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში‘‘ თანამშრომლებმა, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის ფილტვის, კრიტიკული მედიცინისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. 

 

საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტის 30-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის‘‘ და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 

ემორის უნივერსიტეტი საქართველოში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NH) და სხვა ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, განათლებისა და მედიცინის მიმართულებით პროექტებს 1992 წლიდან ახორციელებს. მათ შორისაა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ის დღეისთვის საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც საფუძვლად უდევს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო კურიკულუმი, ადაპტირებული ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად.

 

ემორის უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში დაარსდა არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის მედპერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, რომელიც ექიმებს, ექთნებსა და ექთნის დამხმარეებს, სხვადასხვა სამედიცინო და საექთნო საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან, ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის‘‘ შექმნას. აკადემიის მიზანია, 2-14 წლამდე ასაკის განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფა, რაც მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და ინტეგრაციაში დაეხმარება.

 

2020 წლიდან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ თანამშრომლობა დაიწყო კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მისი განვითარებისა და მიზნების განხორციელების მხარდასაჭერად. პარტნიორობის ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესებისა და სწავლების ხარისხის ხელშეწყობას, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებას, მათ შორის, გაცვლით პროგრამებში ჩართვას, მათთვის ინდივიდუალური კარიერული განვითარებისა და სხვა მსგავსი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო შესაძლებლობების მიწოდებას. 2022 წელს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. 

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ემორის უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930