გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ

8-03-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:


"გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის.

რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია.


თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა.


რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.


მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.


გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.  


მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის.


კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელზეც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული: ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად მოხსენიება და საქართველოს ევროპული მომავალი.


პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის.


რაც შეეხება ჯაშუშის (და არა უცხოური გავლენის აგენტის) იარლიყის მიწებებას. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელი მოუწერა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელსვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოეთ თანამშრომლობა ნატოსთან. ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ. სამაგიეროდ, დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილს და ბაია პატარაიას, რომლებიც, თავისი არსით,ჩვენი ღირსეული წინაპრების სრული ანტიპოდები არიან.


ამავე დროს,გვინდა შეგახსენოთ, რომ სანდრო ახმეტელიც და ტიციან ტაბიძეც სწორედ ჯაშუშებმა დახვრიტეს, ჯაშუშებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძეც, ჯაშუშები შემოუძღვნენ 1921 წელს რუსულ ჯარს საქართველოში.


თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში.


მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს.


საქართველოში2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულურება  საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს.

 

დღეს ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას. საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს  პასუხს.


საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა.


 ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები.


ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით, ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ.


როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.

საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში.


ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ!

ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ!

ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!" - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930