1-08-2018
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში თავად იყრის კენჭს. ამის შესახებ შენების მოძრაობის ლიდერმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა უსუფაშვილის შეთავაზება ერთადერთი მიზეზით არ მიიღო - ის არ აპირებს გრძელვადიან პარტიულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.
პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა (2012-2016) და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ (2005 - 2013) საკუთარი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ზაფხულში შექმნა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან 20 ივლისს გამართა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ „შენების მოძრაობის“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილს ცენტრისტული მოძრაობის შექმნასა და ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სთავაზობდა. პასუხს ის 1 აგვისტომდე დაელოდებოდა, უარის შემთხვევაში კი - თავად იყრიდა კენჭს.
უსუფაშვილის ახლად შექმნილი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და ხმათა 0.76% მიიღო. ამ არჩევნების შედეგების შეფასებისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა... თავად „შენების მოძრაობისთვის” ეს იყო პირველი პოლიტიკური აქტიური ნაბიჯები, ჩვენი შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში მოვიპოვეთ წარმატება და გვეყოლება საკრებულოს წევრები“.
ამჟამად უკვე ცნობილია პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის შესახებ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ის, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ამასთან, მას შესაძლოა მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს, რომელმაც საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე შეიძლება არ წარადგინოს. imedinews-ის ინფორმაციით, დღეს მან საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.