გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გომარდულში რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

20-03-2023

შუახევში, გომარდულის სათხილამურო ბაზაზე ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ამირან მამალაძის მემორიალური ტურნირი სათხილამურო სპორტში.


შეჯიბრს სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე, მერიის წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამირან მამალაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.


ტურნირში შუახევის სპორტული სკოლის 50-მდე მოსწავლე ასპარეზობდა. საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა შორის; მათ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თასები და სიგელები, ხოლო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სასაჩუქრე ამანათები გადაეცათ.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად, გომარდულში, თხილამურებით რბოლა 2010 წლიდან იმართება.

ამირან გურამის ძე მამალაძე - 1985 წლის 21 ივლისს, შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საჯარო სკოლა და 2004 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე. 2008 წლის 2 მაისს ამირან მამალაძე ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის მე-5 ბრიგადაში. 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად შებრუნდა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.


2008 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის №610 განკარგულებით, ამირან მამალაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930