31-03-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ოთხტომეული, რომელიც რევაზ სირაძის თხზულებების სრულ კრებულს მოიცავს, „ილიას ფონდის“ ორგანიზებით გამოიცა.
პრეზენტაციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, რევაზ სირაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჯაბა სამუშიას თქმით, რევაზ სირაძის ნაშრომებმა ახალი სიტყვა თქვა სამეცნიერო სივრცეში. „ილიას ფონდმა“ მნიშვნელოვან გამოცემას ჩაუყარა საფუძველი. რევაზ სირაძემ სრულიად განსხვავებული ელემენტი შემოიტანა კვლევაში. ცნობილი მეცნიერების ღვაწლის წარმოჩენა აუცილებელია. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი მასალა, რაც ჩვენს სტუდენტებს იმ ადამიანებს გააცნობს, ვინც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდნენ ლექციებს,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გამოცემის პრეზენტაციაზე თსუ ბიბლიოთეკაში დაცული რევაზ სირაძის სადოქტორო დისერტაცია და სხვადასხვა წელს გამოცემული ნაშრომები იყო წარმოდგენილი.
„ბატონმა რევაზმა მთელი შეგნებული ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა - იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი და შემდგომ მასწავლებელი უნივერსიტეტში. მან მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მეცნიერებაში,“ - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
რევაზ სირაძის ოთხტომეული პროექტის „პრემია საგურამოს ბიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოიცა. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე.
რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1978 წლიდან კი უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის ავტორი ნაშრომებისა: „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან," „ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები," „ქართული ჰაგიოგრაფია," „სახისმეტყველება," „კულტურა და სახისმეტყველება."
16-11-2024
16-11-2024