5-04-2023
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევარდნაძემ სააკაშვილს არ დაუთმო პარლამენტში 6 ადგილი, 36-ის ნაცვლად მისცა 30 მანდატი და ყველა შემდგომი პროცესი ამან გამოიწვია. ეს იყო ბოლო წერტილი - ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გაზეთ "ალიას" განუცხადა.
მისივე თქმით, შევარდნაძეს რომ სააკაშვილისთვის 6 მანდატი მიეცა და ფორმალურად მიენიჭებინა პირველი ადგილი, ამ შემთხვევაში ხელისუფლება აგროვებდა დაახლოებით 86 მანდატს, ასლან აბაშიძეს თავის მაჟორიტარებიანად ჰქონდა 40 მანდატი და სააკაშვილს გამოსდიოდა 36 მანდატი, მან ვერცერთი მაჟორიტარი ვერ გაიყვანა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჰქონდა პირველი ადგილი.
"ამის შემდეგ დაიწყო იწილო-ბიწილო ამ 6 მანდატთან დაკავშირებით. "აღორძინება" და "მოქკავშირი" ამ მანდატების გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებდნენ, არადა შევარდნაძეს უნდოდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა.
ამ დროს ასლან აბაშიძემ ძალიან დიდი ციფრი გადმოაგდო, რადგან აჭარაში იმდენი მოსახლეობა არ იყო, რამდენსაც არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინა.
ამის შემდეგ წავიდა ვაჭრობა, მიდიოდა მოლაპარაკებები... ცესკო ამ მოლაპარაკებების საქმის კურსში არ იყო, იქ რაღაც ხმებს ითვლიდნენ და 22 დღე მოუნდნენ შედეგების გამოცხადებას. ამ დროს საააკაშვილი აყენებდა პირობას, - კი ბატონო, პირველ-მეორე ადგილზე გამიყვანეთ "მოქალაქეთა კავშირთან" ერთად, ოღონდ ჩემი მოთხოვნაა, ჟვანია არ შემოუშვათ პარლამენტშიო. თქვენ წარმოიდგინეთ, იყო ასეთი მოლაპარაკებაც, სადაც მონაწილეობდა ავთო ჯორბენაძე და თავად მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილს 36 ადგილს მისცემდნენ, ის იტყოდა რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ასე დატოვებდა ბურჯანაძესაც და ჟვანიასა ბორტსგარეთ" - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
რეტრომედია