9-04-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და 34 წლის შემდეგ, ამავე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
„დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. დღეს 9 აპრილია – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა (2 550 ჯარისკაცით, 6 ჯავშანტრანსპორტიორით, დესანტის 8 საბრძოლო მანქანით),10000-კაციანი მშვიდობიანი, ხელცარიელი, მშვიდობიანი, დემონსტრაციის მონაწილე ღამის 4 საათზე მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია.
რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა შეიწირა 21 ადამიანი, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა, ათასობით კი მოიწამლა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. (მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი, პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე რჩება).
9 აპრილმა განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალიც. ეს ბრძოლა იყო და დღესაც არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმისი იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული და თუ ის არის თავისუფლებისთვის.
ეს დღე არის ქართველების ერთიანობის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. საქართველოში სხვანაირად გათენდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში მანქანების გაბმული საყვირი თითქოს იყო მსხვერპლის გაღებით დამსახურებული მისალმება ასე ნანატრ, მაგრამ უცნობ თავისუფლებასთან. ქართული ოპოზიცია, რომელიც დაცლილია პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, დღეს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ახალი კონტურების მოხაზავს ცდილობს. მათ გადაწყვიტეს 9 აპრილის, ამ დღის მნიშვნელობა სათავისოდ გამოიყენონ და ხელისუფლებასთან საკუთარი ძალები მოსინჯონ.
ძალა ძირითადად ფულით გამოყვანილი (რეგიონებიდან ჩამოყვანილი), ხალხის რაოდენობით გაიზომება. რა სირცხვილია, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა მცდელობა, 9 აპრილი კერძო პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებელ დღედ აქციო. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა მაშინ ხელებგაშლილი, პატრიოტიზმით აღსავსე მოქალაქეების იდეაზე დღეს კერძო პოლიტიკური იდეით ხალხი დიდი ფულის სანაცვლოდ გამოიყვანო. ოპოზიცია ცდილობს 9 აპრილის „საკრალური“ მნიშვნელობა გაიმეოროს, რაც გამორიცხულია, რადგან ეს იყო მაშინ და ეს მოხდა ერთხელ! სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 9 აპრილის, როგორც მოვლენის, ღირებულებას ვერასდროს გაითავისებს, რადგან ის ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულია (რასაც თავისი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს და აქ არ შევეხები), მაგრამ კიდევ უფრო მაკვირვებს დარჩენილი ოპოზიციური სპექტრიც, რომელიც 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენებას დღეს კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის ცდილობს. 9 აპრილი, თავისი მუხტითა და დატვირთვით, წლების შემდეგაც ქართველისთვის ერთი და იმავე სიმძაფრით განცდადი მოვლენაა და ამის გამოყენებას ოპოზიცია დაუმსახურებლად ცდილობს.
სხვის გაშლილ სუფრაზე ღრეობა მარტივია... სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიცია, საკუთარი არჩევანით, 9 აპრილს როგორც უკვე მოგებულ ომს ამოეფარება, ეცდება, წლების შემდეგ ისტორიულ დაფაზე საკუთარი ხელწერაც დატოვოს, მაგრამ არა, ქართველი ხალხისთვის 9 აპრილი უკვე დაწერილი გმირობის ისტორიაა, წითელი ტიტები ქართველის დაღვრილი სისხლია და ეს ისტორია გადაწერას ან ჩასწორებას აღარ ექვემდებარება. 9 აპრილი ერთხელ უკვე იყო!“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.
16-11-2024
16-11-2024