გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ვირმა კრიალოსანზე ისაუბროს, ისე არ შეიძლება, ბეჟაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ისაუბრონ სასამართლოზე

9-04-2023

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ თავს რომ უფლებას აძლევენ, საერთოდ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე, ეს უკვე დაახლოებით ასეთი ვითარებაა, ტილს რომ ფეხზე დაისვამ, უხეში შედარება რომ გამოვიყენოთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.


„ეს არის „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი შეფასება. ეს არის ფეხზე დასმული ტილი, რომელიც ცდილობს, ცოტა უფრო მაღლა აცოცდეს, მაგრამ ჩვენ მათ არცერთი სანტიმეტრით არ მივცემთ ოდნავ მაღლა აცოცების საშუალებას. სადაც არიან დასმული, იქ უნდა ისხდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ჩვენ მათ არავითარ საშუალებას არ მივცემთ, რომ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე. როგორც არ შეიძლება, ვირმა კრიალოსანზე ისაუბროს, ისე არ შეიძლება, ბეჟაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ისაუბრონ სასამართლოზე. აქედან გამომდინარე, მათ ინიციატივებსაც, რა თქმა უნდა, არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. რა ხანდაზმულობაზეა საუბარი, როდესაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება შეეწირა მათ დანაშაულს?“ – განაცხადა კობახიძემ.


ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წელს მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა, ხანდაზმულობისა და პასუხისმგებლობის ვადა ამოიწურა და 2012 წლის შემდეგ მოსამართლეებად ასეთი პირების ყოლა ხელისუფლების დანაშაულია, და ასევე, ექნება თუ არა უმრავლესობის მხარდაჭერა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რასაც ოპოზიცია ითხოვს.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ რამე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას შექმნის „ქართული ოცნება“, რომ მოხდეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება.


„არასდროს არ არის გვიან და რაღაც მომენტში ეს შეიძლება, გახდეს აქტუალური, რადგან საზოგადოებას, თუნდაც ემოციურ დონეზე, ხშირად ავიწყდება ხოლმე რაღაცები და, მგონი, მნიშვნელოვანია, რომ ყველას და მათ შორის ჩვენ თავსაც ხშირად შევახსენოთ ის, თუ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს. ეს მით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სიმყარე და სტაბილურობა. ამას ისედაც გავაკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება მუდმივად დაგვეხმარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930