გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჯორჯ ბუშს 2008 წლის ბოლოს შევხვდი და მას საქართველო არც კი უხსენებია

7-08-2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში შევიდნენ, თუმცა შემდეგ მათ რუსეთის არმიამ უკან დაახევინა. რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან შეჩერდნენ. ომის შედეგად მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.


რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი, რომელსაც იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა ჰქონდა დაკავებული, «КоммерсантЪ»-ის სპეციალურ კორესპონდენტს ვლადიმერ სოლოვიოვს უყვება, თუ რატომ არ შევიდნენ რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქში, რა მოიგო მოსკოვმა ორი რესპუბლიკის აღიარებით და რამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი კონფლიქტი რეგიონში.


- 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე თითქოსდა ისეთი შეგრძნება არსებობდა, რომ ის ომი გარდაუვალი იყო... თქვენ გქონდათ იმ პერიოდში ასეთი წინათგრძნობა?


- არა, არანაირი გარდაუვალობა არ არსებობდა. ჩემი შეფასებებეი უცვლელია: რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი დამქაშების უპასუხისმგებლო, ამორალური და დანაშაულებრივი მოქმედება, არავითარი ომი არ მოხდებოდა. დიახ, იქ იმ დროს მაღალი დონის დაძაბულობა არსებობდა, რომელიც 2008-ში კი არ გაჩენილა, არამედ 1991 წლიდან იყო. სხვათა შორის, დაძაბული ურთიერთობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცალკეულ ნაწილებს შორის მანამდეც შეინიშნებოდა.


მახსენდება, როცა სოჭიდან, 1990 წელს, პირველად ჩავედი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრის დროს, რესტორნებსა და კიდევ სხვა ადგილებში, ვიგრძენი, რომ მათ რთული დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესებთან, რომლებიც რესპუბლიკაში ვითარდებოდა, განსაკუთრებით ეთნოსებთან მიმართებით. ანუ დაძაბულობა ყოფით დონეზე უკვე მაშინ იგრძნობოდა. ეს ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენა იყო იმიტომ, რომ არც მოსკოვში და არც ლენინგრადში მსგავსი რამ არ შეინიშნებოდა, ამის სიმპტომები არ იყო.


ამიტომაც პრობლემების მიზეზი, რა თქმა უნდა, იმაში გამოიხატება, თუ რა ხდებოდა 1990-იან წლებში, იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც თბილისში არსებული ხელისუფლება იღებდა და რომლებიც მიუღებელი იყო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისათვის. ამის შედეგად იქ მოგვიანებით კონფლიქტი დაიწყო, შეიყვანეს სამშვიდობო ძალები. 2008 წლამდე ნეგატიური პროცესების, გამოსვლების და შეტაკებების ბალანსირება ასე თუ ისე ხერხდებოდა. 2008 წელს კი საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, აგრესიას მწვანე შუქი აუნთო და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს გარდაუვალი არ ყოფილა. უეჭველია, ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი.


- მაგრამ რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ თქვენი ურთიერთობა არცთუ ისე ცუდად ვითარდებოდა. რა მომენტში წავიდა საქმე სხვაგვარად? თქვენ ხომ ერთმანეთს ხვდებოდით, საუბრობდით...


- დიახ, თავდაპირველად სიტუაცია ცუდად არ გამოიყურებოდა. პირველი შეხვედრის დროს, როცა პრეზიდენტის პოსტი დავიკავე, მან თქვა, რომ ურთიერთობის აღდგენა სურდა და მეგობრობის იმედი ჰქონდა. მოკლედ, ძალიან სასიამოვნოდ ლაპარაკობდა. ამ ყველაფერს ვუსმენ და ვეუბნები: თუ ურთიერთობის განვითარება გინდათ, მოდით და განვავითაროთ. ჩვენც მეზობელ საქართველოსთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვსურს და მისათვის მზად ვართ. ჩვენ გვესმის, თუ რა შიდა კონფლიქტები გაქვთ, ვხედავთ, რომ ქვეყანა ნაწილებადაა დაყოფილი. მზად ვართ დაგეხმაროთ - ნელ-ნელა, ფრთხილად, აკურატულად ხელი შევუწყოთ დაახლოების პროცესს, რათა საბოლოო ჯამში იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა ისეთ საზღვრებში შენარჩუნდეს, როგორსაც ფედერაცია ითხოვს, კონფედერაცია თუ კიდევ სხვა რაღაც.


ეს შეიძლებოდა საქართველოში იმ დროს მცხოვრები ხალხების არჩევანი ყოფილიყო, ანუ თვითონ ქართველების, აფხაზების და ოსების არჩევანი. მან თქვა: „მეც მზად ვარ“. შემდეგ ჩვენი გზები კიდევ სადღაც გადაიკვეთა, მათ შორის, როგორც მახსოვს, ასტანაში. მიხეილ სააკაშვილმა იქაც კვლავ გამოავლინა საკითხების განხილვისა და ურთიერთობის განვითარების სურვილი, მოვილაპარაკეთ გარკვეულ შეხვედრებზე, კონტაქტებზე, შემდეგ კი „დაიკარგა“ - სადღაც 2008 წლის ივლისიდან მასთან კავშირი შეწყდა. მე მაშინ ამ გარემოებას დიდ მნიშვნელობას არ ვაძლევდი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მისი ქცევა და მოქმედების ხაზი უკვე წინასწარ იყო დაგეგმილი და შემუშავებული: იგი, ერთი მხრივ, თვლიდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა რაღაც სხვა პოზიციას დაიკავებდა მის მთავრობასთან და პირადად მასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილს ეგონა, რომ მოსკოვი, უბრალოდ, არ ჩაერეოდა იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოში მიდიოდა, რუსეთს არანაირი რეაგირება არ ექნებოდა იმ მოქმედებაზე, რაც ჩვენი სამშვიდობოების მიმართ მოხდებოდა და რაც მთავარია, ჩვენი - რუსეთის მოქალაქების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს უკვე ჰქონდა სრულმასშტაბიანი კონსულტაციები თავის მფარველებთან - ამ შემთხვევაში უპირატესად მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ცნობილია, თბილისში ჩასული იყო კონდოლიზა რაისი, იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდიცანი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს კონტაქტები ჰქონდა დენიელ ფრიდთან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელსაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა ევალებოდა. ფრიდი სოვეტოლოგია და ყოველთვის უკიდურესად რუსოფობური პოზიცია ჰქონდა.


მგონი, თბილისში დიკ ჩეინიც, აშშ-ის იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტიც იყო ჩასული, ანუ იქ ყველამ დააფიქსირა საკუთარი თავი. ჰოდა, იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, ჩამოუყალიბდა იმის რწმენა, რომ მას ამერიკელები ყველა შემთხვევაში მხარს დაუჭერენ.


- დიახ, მოხდა ის, რაც მოხდა. და ამის შემდეგ თქვენ, რუსეთის პრეზიდენტი, იღებთ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. მე ვიცი, რომ ეს ნაბიჯი უდაო არ ყოფილა, რომ იყვნენ ოპონენტებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როგორ მოხდა ეს ამბები, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება?


- შემიძლია გიამბოთ, როგორ გადაწყდა ეს ყველაფერი, ამაში არაფერი ზებუნებრივი არაა. ყველა გადაწყვეტილება წინასწარ მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება ითხოვს დადებითი და უარყოფითი მომენტების აწონ-დაწონას. სამხედრო კამპანიის - „საქართველოს იძულება მშვიდობაზე“ - დასრულების შემდეგ გაჩნდა კითხვა: „რა შემდეგ?“. ეს, ცხადია, უპირველესად მე მეხებოდა, როგორც სახელმწიფოს მეთაურს.


მე საკმაო დროის განმავლობაში ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ უკეთესის გაკეთება შეუძლებელია, თუ არა ამ ორი წარმონაქმნის დამოუკიდებლობის აღიარება. მე უპირველესად ვხელმძღვანელობდი იმით, რომ სამომავლოდ მშვიდობა შენარჩუნებულიყო ამიერკავკასიაშიც და ჩვენს რეგიონშიც. და ეს, ჩემი შეხედულებით, ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. გარკვეული დროის შემდეგ ველაპარაკე მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მხარი დამიჭირა. ცოტა მოგვიანებით საკითხი უშიშროების საბჭოზე იქნა გატანილი. ცხადია, ჩვენ ვიმსჯელეთ, ყველა ნიუანსი განვიხილეთ. რა თქმა უნდა, გვესმოდა, თუ როგორ რეაქციას მივიღებდით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საბჭოს წევრებმა მხარი დამიჭირეს. 2008 წლის 26 აგვისტოს კი ხელი მოვაწერე ბრძანებულებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ამ მომენტიდან მათთვის, ტერიტორიული წარმონაქმნებისათვის, ახალი ცხოვრება დაიწყო.


- ანუ ამ თემაზე არავითარი დისკუსია არ ყოფილა და გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული?


- დისკუსია იყო, არის და მუდამ იქნება - ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა ყოველი სამოქალაქო საზოგადოებისათვის. დისკუსია მაშინაც იყო - საკმარისია იმდროინდელი პრესის მასალები ნახოთ, ინტერნეტშიც გადაათვალიერეთ და დარწმუნდებით, როგორი დისკუსია მიმდინარეობდა. რაც შეეხება ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოზიცია ერთიანი იყო.


- მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ახლაც რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ - ალბათ, არ უნდა გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უმჯობესი იქნებოდა „ჰაერში ჩამოგვეკიდა“: ჯარებს შევიყვანდით, მაგრამ ამ თემაზე საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის და მასთან ურთიერთობის აღდგენისთვის შესაძლებლობას დავტოვებდითო. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი თვალსაზრისის მიმართ?


- იცით, ყოველ „ჩამოკიდებულ“ გადაწყვეტილებას, ალბათ, მართლაც აქვს რაღაც აზრი - როგორც ამბობთ, ნამდვილად შეიძლება დისკუსიების გამართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ წყვეტს მთავარ საკითხს. ასეთი გადაწყვეტილება ძალისმიერი მოქმედების სივრცეს ტოვებს. თუ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იქნებოდნენ, ვისთანაც ჩვენ დღეს დადებული გვაქვს ხელშეკრულება სამხედრო კონტინგენტის განლაგების თაობაზე, მაშინ ყველაფერი ნათელია - მათ წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ასეთ სიტუაციაში ყველას ესმის, რომ რაღაც უტოპიური იდეის განხორციელების დროს რუსეთთან [თამაში] ძვირად დაუჯდებათ. მაგრამ „ჩამოკიდებული“ მდგომარეობა ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება რაღაც პროვოკაციები, რომ რომელიღაც მორიგი სამხედრო კამპანიის დროს იმედი ექნებათ რაღაც ტერიტორიული მონაკვეთის წართმევისა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს საქართველოს ფსიქიურად დაუბალანსებელი მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა, სხვა ვარიანტი არ არსებობდა. იქ რომ სხვა ხელმძღვანელი ყოფილიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა საკითხზე მსჯელობა... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ხელმძღვანელი ასეთ უმსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, არ დაესხმებოდა თავს ბავშვებს და მოხუცებს, რუს მშვიდობისმყოფლებს და არ გამოუცხადებდა ომს, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაციას.


- იმ ხანებში მე რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და მახსოვს, რუსეთის ტანკები თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გაჩერდნენ. რატომ არ წავიდნენ უფრო იქით?


- იმიტომ, რომ მთავარი მიზანი იყო ცხინვალიდან ქართული ჯარების გაძევება და წესრიგის დამყარება, ძალადობის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება.


ჩვენი ამოცანა ის არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და მიხეილ სააკაშვილი დაგვესაჯა. მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა მივიღე გადაწყვეტილება თავშეკავებულად მემოქმედა და სამხედრო მოქმედებების ფორსირება არ მომეხდინა.


საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიტუაცია ჩაწყნარებულიყო როგორც საქართველოში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ასევე მშვიდი ურთიერთობა გვქონოდა ევროკავშირთან და სხვა სახელმწიფოებთან. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში, [დასავლეთის] საკმაოდ ხისტი რეაქციის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ჩვენ მათთან საკმაოდ სწრაფად მოვილაპარაკეთ, ხოლო ჰაიდი ტალიავინის კომისიამ გააკეთა იმის კონსტატაცია, რომ სამხედრო დარტყმა საქართველომ განახორციელა და რომ აგრესია სწორედ თბილისმა დაიწყო. იყო, ცხადია, ცალკეული მსჯელობები - რუსეთის მიერ ძალის პროპორციულად გამოყენების თაობაზე და სხვა მისთანანი, მაგრამ ეს უკვე შეფასებითი მსჯელობებია. გაკეთდა ყველაზე მთავარი: დაიდო დასკვნა, რომ აგრესია საქართველომ დაიწყო, რასაც უკვე ისტორიიდან ვერ წაშლი. მასთან, მე არ ვთვლიდი სწორად სიტუაცია ასეთი გრადუსით ყოფილიყო და ასეთი დაპირისპირება შენარჩუნებულიყო. ამიტომაც მე, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მივიღე გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების შეჩერებისა და რუსეთის არმიის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.


- იმ დროს მართლაც ბევრი განცვიფრდა, თუ რამდენად სწრაფად მოგვარდა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა: დაიწყო „პარტნიორბა მოდერნიზაციისათვის“ ევროკავშირთან, მოხდა ამერიკასთან ურთიერთობის „გადატვირთვა“... თქვენი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საკმაოდ თბილი იყო...


- მეტსაც გეტყვით - ამ ყველაფრის შემდეგ მე ჯორჯ ბუშთანაც სრულიად ნორმალური ურტთიერთობები მქონდა. მე მას სწორედ 2008 წლის ბოლოს შევხვდი. ბოლო საუბრის დროს მას საერთოდ არ უხსენებია არც საქართველოს სიტუაცია და არც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემები. მსოფლიო კრიზისი იყო დაწყებული და ამიტომ ძირითადად ეკონიმიკაზე ვილაპარაკეთ.


ჩვენ ახლა მორიგი კრიზისის მოწმენი ვართ დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამჯერად უკვე უკრაინასთან დაკავშირებით. რატომ გადაილახა 2008 წელს დაბრკოლებები ისე სწრაფად და რატომ არ ხრხდება დღეს იგივეს გაკეთება?


სიტუაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება. უკრაინაში სხვა ადამიანები მუშაობენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც უკვე სხვა პოზიციებზე დგანან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პრინციპულად სხვადასხვა ისტორიებია. თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით იმაში გამოიხატება, რომ ჩვენს პარტნიორებს რუსეთთან ცოტა მეტი კოოპერაბელობა რომ გამოეჩინათ, ცოტა მეტად რომ გადმოწიათ ისრები რუსეთისაკენ, ბალანსის მეტი სურვილი რომ გამოეჩინათ, როგორც ეს 2008 წელს იყო, მაშინ სიტუაცია უფრო მარტივი იქნებოდა.


- დავუბრუნდეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს: რა მიიღო რუსეთმა ამ ორი რესპუბლიკის აღიარებით? რა უპირატესობა გვაქვს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით?


- რუსეთმა მიიღო მთავარი - მშვიდობა. ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეების დაცვა - ისინი ბევრნი არიან, რომლებიც აფხაზეთშიც ცხოვრობენ და სამხრეთ ოსეთშიც. ჩვენ აღარ გვაქვს თავის ტკივილი იმის გამო, რომ რაღაც მომენტში მორიგი თავდასხმა მოხდება, რომ ჩვენ კვლავ ჩარევა მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პასუხის გასაცემად. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რეგიონში ყველაფერი აეწყო და გასაგები გახდა. ესეც მნიშვნელოვანია.


- თქვენ უკვე ახსენეთ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების კავშირები აშშ-სთან. ამის სემდეგ არაერთხელ თქვით, რომ საქართველოს ამერიკა აქტიურად ეხმარებაო. ამ სიტუაციის მიმართ ერთ-ერთი თვალსაზრისი გამოიხატება იმაში, რომ რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთს თამაშები ჩაუშალაო. მხედველობაშია ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების მცდელობები. და ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მათ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება და ყველაფერი, რაც კი დღეს ხდება. რამდენად მართალია ეს?


- მე არ დავიწყებ ახლა ასეთი ტერმინების ახსნას - „ვიღაცის თამაშები“, „თამაშების ჩაშლა“ და ა.შ. ვიტყვი სხვა რამეს: ჩვენ მოწმენი ვიყავით, თუ როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, მაგრამ შენარჩუნდა ნატო, რომელიც რუსეთის ალყაში მოქცევას ცდილობს. საქმე იდეოლოგიას და რუსეთის ხელისუფლების მოწონება-არმოწონებას კი არ ეხება, არამედ ეხება ისეთ უბრალო საკითხებს, ჩვეულებრივი ადამიანებიც რომ ხვდებიან.


დღეს არაა ისეთი სიტუაცია, როცა ორი სამხედრო ბლოკი არსებობდა, ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას მაინც ცდილობს, ალიანსი თავის რიგებში ახალ-ახალი ქვეყნების ჩაბმას გეგმავს. ჩვენ ამას გულგრილად ვერ შევხდევათ - იმიტომ, რომ ბირთვული პარიტეტი მსოფლიოში ჯერ არავის არ გაუუქმებია, სამხედრო ხელმძღვანელებისათვის კი უკიდურესად მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ნატო, რაც არ უნდა თქვან ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა, რუსეთს მაინც მოწინააღმდეგედ განიხილავს და აშკარაა, რომ მისი წევრი ბირთვული ტრიადის სამიზნე კვლავ რუსეთია.

შესაბამისად, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ სიტუაციას წინააღმდეგობა გავუწიოთ. ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა სულ უფრო მატულობს და ეს შვენ გვაშფოთებს. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს, არამედ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელიც რუსეთის საზღვრებთან მოახლოებისას უკვე სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ასევე არაბირთვული იარაღსაც, რომელიც, ტექნიკის განვითარების კვალობაზე, სულ უფრო ზუსტი ხდება და დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ჩვენთვის გამოწვევაა.


სულ ახლახან გაცხადდა, რომ საქართველოს ნატოში ელოდებიან და მას წევრად მიიღებენ. როგორ შეიძლება ამის კომენტირება? ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოზიციაა. ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტერიტროიაზე გარკვეული დაძაბულობაა, რომ საქართველო მომიჯნავე ტერიტორიას, ჩვენი თვალსაზრისით კი სახელმწიფოებს, თავისად განიხილავს. ესე იგი, არსებობს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტი იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვის რა პოზიცია გვაქვს დაკავებული.


და ასეთ ქვეყანას, ასეთ სახელმწიფოს სამხედრო ბლოკში იღებენ? ვაცნობიერებთ, რა საფრთხე გველოდება? ამას საშიში კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. გაუგებარია, ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი. თუ ეს მხოლოდ დიპლომატიური ხრიკია - „ჩვენ მიგიღებთ, ნუ ინერვიულებთ“, „სინამდვილეში კი არაფერს გავაკეთებთ“ - მაშინ სხვა საქმეა. მაშინ ჩვენმა ნატოელმა კოლეგებმა უნდა მიიხედ-მოიხედონ და იქნებ უფრო ჭკვიანური რამ მოიფიქრონ. მაგალითად, კოსოვოსა და ჩრდილოეთ კვიპროსის ნატოში მიღება... მაგრამ განა ამით მსოფლიოში სიტუაცია გაუმჯობესდება?


- თქვენ ჩემს მომდევნო კითხვას გაეცით პასუხი, თუმცა ახლა დავაზუსტებ: მართალია ნატოს ვადები არ განუსაზღვრავს, უბრალოდ თქვეს - „დიახ, მიგიღებთ“. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რა მოხდება დღევანდელ მდგომარეობაში იმ სიტუაციასთან შედარებით, როცა, ვთქვათ, საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ - ეს რუსეთის მონაწილეობით პოტენციურ კონფლიქტს ნიშნავს?


- უეჭველია, ამას პოტენციური კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რადგან ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ჩვენ გვესმის, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მათ ტერიტორიას თავისად განიხილავს, ამას ძალიან მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც იმედი მმაქვს, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ეყოფა გონი და ჭკუა ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგას.


- რუსეთის არცერთ მოკავშირეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს „ოდკბ“-ის წევრები - ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ. ვინ მიგაჩნიათ რუსეთის ნამდვილ მოკავშირედ? ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი მოკავშირეები მხოლოდ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და ახლა უკვე ლუგანს-დონეცკის რესპუბლიკები არიან...


- მესმის, რამდენად რთული თემაა განსახილველად. როცა აღიარება მოხდა, არ მახსოვს, რომელ ღონისძიებაზე, სადაც იმ დროინდელი ჩემი კოლეგები იყვნენ შეკრებილნი, მე ვთქვი: მეგობრებო, ვიცი, ძნელია არჩევანის გაკეთება, ამიტომაც მე არაფერს გთავაზობთ, ისე მოიქეცით, როგორც სწორად მიგაჩნიათ-მეთქი. იმიტომ, რომ ეს ჩვენი, რუსეთის გადაწყვეტილება იყო. დღეს „ოდკბ“-ში ჩვენი ვალდებულებები ძალაშია და სწორედ ამ პრინციპს ემყარება ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან. (...)


- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ სამუდამოდ გააქრო თბილისთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა? ეს საკითხი ერთგვარი „დაბრკოლების ლოდია“...


- ვფიქრობ, რომ ესეც არ არის ის პრობლემა, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა საქართვლოსა და რუსეთის ურთიერთობის ხასიათი. შეგახსენებთ, რომ დღეს იქ სხვა მთავრობაა. და თუ ვილაპარაკებთ მიხეილ სააკაშვილის კარიერაზე, ის საქართველოში უკვე დასრულებულია, რაც, ჩემი აზრით, კარგია თვით საქართველოსთვის. ხოლო ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან (მათი გვარებისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად), ჩვენ მზად ვართ ურთიერთობა აღვადგინოთ. დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება აღდგეს, თუმცა ის ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია? თუ ჩვენი ქართველი კოლეგები მზად არიან აღდგენისათვის, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით.

ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხორციელდება, იზრდება ტურისტების რაოდენობა, ავიარეისები, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩადიან დასასვენებლად. ეს, ცხადია, პლუსია. საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლიტიკური კონტაქტების ნორმალიზებას და მოსკოვ-თბილისის დიალოგის სრულფასოვან აღდგენას.



წყარო: kommersant.ru

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930