ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საჭიროა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას შევახსენოთ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
7-08-2018
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკიევიჩუსის განცხადებით, საქართველოსადმი სოლიდარობით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას.
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„10 წლის წინ ჩვენ აქ ვიყავით, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, რომ დაგვეცვა თბილისი მძიმე წუთებში.
ახლა ეს სოლიდარობა საჭიროა, რათა ყველა საერთაშორისო საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გამოწვევა, როგორიცაა მიგრაცია და ტერორიზმი, ცხელი წერტილები სამყაროს სხვადასხვა კუთხეში - ეს თემა არ უნდა გადავდოთ გვერდზე. სწორედ ამიტომ ვართ აქ, ამიტომ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა და პატივი მივაგოთ მათ, ვინც დაიღუპა კონფლიქტის დროს.
სიტუაცია ახლაც არ გამოსწორებულა, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, ეს საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ვნახე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, მკვლელობებს, წამებას. ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეები ამის ნათელი მაგალითებია. სოლიდარობის გამოხატვა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო“- განაცხადა ლინკიევიჩუსმა.