გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რარიტეტული გამოცემების გამოფენა თსუ-ში

12-04-2023

რარიტეტული გამოცემები - ძველი ნაბეჭდი წიგნები, საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომებია წარმოდგენილი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ქართული ენის მზრუნველნი“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა.

 

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველი ნაბეჭდი წიგნები. მათ შორის ქართულ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ, რომელიც 1629 წელს რომშია გამოცემული კათოლიკე მისიონერების დასახმარებლად. ეს წიგნი სპეციალურად გამოიცა იმ დიპლომატიური ურთიერთობების ხელშესაწყობად, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში საქართველოსა და კათოლიკურ სამყაროს, ევროპას შორის არსებობდა,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ. წიგნის პირველი შვიდი გვერდი უჭირავს ქართულ მხედრულ ანბანს; დანარჩენ გვერდებზე მოთავსებულია: ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობელნი ქართულად და იგივე მასალა ლათინურ ენაზე, ქართული ტრანსკრიპციით. ზოგიერთი ქართული ლოცვისა და ათი მცნების ტექსტი უნდა წარმოადგენდეს ნიკიფორე ირბაქის მიერ ამ გამოცემისათვის შესრულებულ ლათინური ტექსტების თარგმანს.

 

გამოფენაზე, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება, წარმოდგენილია 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება, რომლის 40-მდე ეგზემპლარია საქართველოში შემორჩენილი. აქედან 21 ინახება თსუ-ში. ამ წიგნების რესტავრაცია 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორიაში. ექსპოზიციაში, ასევე, განთავსებულია: მაჯიო ფრანცისკო-მარია, ქართული ენის გრამატიკა, 1670 წელი; გაიოზი, გრამატიკა, მოზდოკი,  [1796-1800] წელი; იოანე ქართველიშვილი, ქართული ღრამატიკა, ტფილისი: 1815; იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის, 1876 წელი; სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ტფილისი: 1884 წელი; ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებულება, ტფილისი: 1879 წელი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვირფასი გამოცემა – აკაკი შანიძის დისერტაცია, რომელიც მან 1920 წელს დაიცვა და, ფაქტობრივად, ამით დაიწყო უნივერსიტეტში ქართული საუნივერსიტეტო მეცნიერება.

 

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, „ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული კონსტიტუციები, რომელიც გასულ საუკუნეში ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ასახავს. მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921 წ.), აგრეთვე, 1978 წლის ორი დოკუმენტი: კონსტიტუციის პროექტი, რომელმაც ქართველი ხალხის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია, რადგან მასში ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონდა და მეორე- ქართველთა დიდი მღელვარების შედეგად მიღებული კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი.“

 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გია ჯაფარიძემ თსუ-ს საჩუქრად გადასცა ფარნავაზ მეფის ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის ფოიეში დაიდგმება.

 

ღონისძიების ბოლოს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, გიორგი ახვლედიანის 136 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ვიქტორინის ,,გიორგი ახვლედიანის მნიშვნელოვანი თარიღები’’ გამარჯვებული თსუსტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930