12-04-2023
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს უმასპინძლა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე და მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
გიორგი ამილახვარი: „ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური ინიციატივების შედეგად, დღეს მანდატურის სამსახური განათლების სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მანდატურს, ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს თავდაუზოგავი შრომისთვის. სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით უდიდესი როლი სკოლებში ჯანსაღი, მზრუნველი და მეგობრული გარემოს შექმნის საქმეში, რაც ჩვენს მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის სრულად გამოვლენისა და რეალიზების საშუალებას აძლევს.“
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა დაჯილდოებისღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი და სამსახურის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანაა იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, რომელიც ეფექტიანად გაუმკლავდება სასკოლო გარემოს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და რისკების მართვის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა და დანერგა თვისობრივად განსხვავებული მიდგომები და დაიწყო მნიშვნელოვანი, სისტემური რეფორმირების პროცესი. განხორციელდა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოსოციალური უსაფრთხოების კომპონენტების გაძლიერება. სწორედ აღნიშნული მექანიზმებით მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების საუკეთესო საშუალებას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.
16-11-2024
16-11-2024