18-04-2023
უტიფრობაა, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის ის სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა, შესაბამისად, თქვენს უტიფრობას არ აქვს საზღვარი - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იქნება ბოლომდე დაცული და უზრუნველყოფილი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა დღეს არის მაღალ ხარისხში, რასაც აჩვენებს ყველა ობიექტური კვლევა.
„არის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ნდობის ხარისხი არის მაღალი განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან, არ დავასახელებ ამ სახელმწიფოებს, სადაც დღეს სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოში დღეს ნდობის ხარისხი არის მაღალი მიუხედავად მასშტაბური კამპანიისა, რომელიც წარმოებდა სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობით და ეს არ იყო უმნიშვნელო სუბიექტები, ამ კამპანიაში ძალიან ბევრი გავლენიანი სუბიექტი იყო ჩართული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის კონსტიტუციური პრინციპი და პირდაპირპროპორციულად ნიშნავს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასაც.
„ჩვენ თუ დავთმობთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაშინ დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს. რა დოზითაც დავთმობთ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ზუსტად იმ დოზით დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი, დაუშვებელია, თუნდაც მიზერული დოზით აღდგეს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი, „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ. ამას არავინ არ დაუშვებს, რომ თუნდაც მიზერული დოზით აღდგეს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე, არავინ არ დაუშვებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არავინ არ დაუშვებს კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხელყოფას.
ჩვენ იგივე მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით გახსოვთ, რომ გვქონდა შედარებით რბილი რეაქცია, მაგრამ როგორც ჩანს ეს იყო ალბათ ცოტა გაუმართლებელი. ყოველთვის, როცა საქმე შეეხება მომავალში სასამართლოს დამოუკიდებლობას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული. რომ გადახედოთ ოპოზიციურ ფლანგს, ვინც დღეს არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხარეს, მაქსიმუმ 5-6 დეპუტატია, რომელიც არ მიეკუთვნება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და უბრალოდ უტიფრობაა, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
ეს არის ის სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა, შესაბამისად, თქვენს უტიფრობას არ აქვს საზღვარი. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იქნება ბოლომდე დაცული და უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024