20-04-2023
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში UNICEF -ის 2022 წლის კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებსა და კვლევებს ხანდახან დამახინჯებული ინტერპრეტაცია აქვთ. მეტწილად ოპოზიციური კონიუქტურის გამო და არა ობიექტური სურათის დანახვის თვალსაზრისით.
მისი თქმით, განათლების სისტემაში გამოწვევები არსებობს და დასაძლევად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
„საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებსა და კვლევებს ხანდახან დამახინჯებული ინტერპრეტაცია აქვთ. მეტწილად ოპოზიციური კონიუქტურის გამო და არა ობიექტური სურათის დანახვის თვალსაზრისით. გავაანალიზოთ იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის ბოლო კვლევა. გაეროს სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით: სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებით მშობელთა კმაყოფილება მაღალია. იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით, ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -ს აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების თითქმის 80 % საჯარო სკოლების ხარისხით კმაყოფილია. ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა.
ამ მიმართულებით გასულ წლებში ცვლილებები განხორციელდა, რაც ბავშვების, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა. მთავრობის მიერ გაფართოებული პროგრამებით დახმარებას მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები ხუთჯერ მეტი ალბათობით სარგებლობენ, ვიდრე დანაკლისის არმქონე ბავშვები.
დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბავშვის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით რესპონდენტების კმაყოფილება მაღალია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება; ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მიმართულებით.
აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე; წინა ციკლის საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებში გამოწვევები ნამდვილად არის, თუმცა არის პოზიტიური დინამიკაც. მაგალითად, 2019 წლის კვლევის მიხედვით, საგრძნობლად გაუმჯობესებულია მე-4 კლასელთა მათემატიკის უნარები. გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.
ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; კვლევის შედეგები განპირობებულია დარგში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებით. კერძოდ (მოკლედ): საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სასკოლო სახელმძღვანელოებით.
საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს პირველ კლასში გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი. მე-9 კლასის ბოლო საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ კომპიუტერები. ყველა სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა. დაწყებულია საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 1 მილიარდიანი პროგრამა და 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული და შესაბამისად ადაპტირებული.
მოქმედებს სოფლის და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის სკოლებისთვის არაფორმალური განათლების წრეების დაფინანსების პროგრამა, რომელიც უფასოდ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის შესაბამისი არაფორმალური განათლების წრეებს ხელოვნების, მუსიკის და სპორტის მიმართულებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, 1700-ზე მეტი მანდატური და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოდგენილია ყველა საჯარო სკოლაში. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები ემსახურებიან როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.
მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მომსახურება. ბუნებრივია, განათლების სისტემაში გამოწვევები არსებობს, რომელთა დასაძლევად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ბოლო პერიოდის ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, განათლების ხარისხის ზრდით“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024