გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“ - თსუ-ში მიშელ მუსხელის პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

21-04-2023

ევროკავშირის სამართლებრივი ბაზის ერთ-ერთი შემქმნელის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) პუბლიკაციის „ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“ („L’Europe face au fédéralisme“) პრეზენტაცია კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხეილ მუსხელიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი ევროპული ინტეგრაციის შესახებ შეისწავლა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულმა წარმომადგენლობამ.

1949 წლის პუბლიკაციას ნაშრომს თან ერთვის ერთიანი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის ტექსტში ასახულია მომავალი გაერთიანებული ევროპის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწყობის განმარტებები, ხედვები და წინასწარმეტყველებები.


პუბლიკაციის „L’Europe face au fédéralisme“ შესწავლამ აჩვენა, რომ მიშელ მუსხელმა დიდი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის მომავლის შესახებ იმჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიებზე.


საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის ისტორიული დეკლარაცია დიდი სიზუსტით იმეორებს მიშელ მუსხელის მიერ 1949 წელს გამოქვეყნებული ევროპის კონსტიტუციის ტექსტის არა მხოლოდ სულისკვეთებას, არამედ ევროპის უნიფიკაციის საკითხის მიმართ ზოგად მიდგომებსა და მიზნებს.


„საქართველოში მიხეილ მუსხელიშვილი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროკავშირის ფორმირებაში. ის არის ერთ-ერთი ავტორი თანამედროვე ევროპის კონსტიტუციური და სამართლებრივი მოწყობისა. ამ საკითხებზე იგი გასული საუკუნის ორმოციან წლებში მუშაობდა, ხოლო მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი, რომელშიც პირველად დაისვა ევროპის გაერთიანების საკითხი, ოცდაათიან წლებში გამოიცა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანის მიმართ ინტერესი დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროინტეგრაციისაკენ, კიდევ უფრო მეტად იზრდება,“- განაცხადა თსუს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთგზის აღნიშნა ევროპული საზოგადოებისათვის მიხეილ მუსხელის ღვაწლის ფართოდ წარმოჩენის საჭიროება მათ შორის, მიშელ მუსხელისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და გამოფენების გამართვა.


ნაშრომში „L’Europe face au fédéralisme“ მიხეილ მუსხელი დეტალურად აღწერს ევროპული სუპრანაციონალიზმის განვითარების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ასევე გვიზიარებს ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობის საკუთარ ხედვას.


იგი გვთავაზობს მეცნიერულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მომდევნო წლებში პრაქტიკაში იქნა რეალიზებული ევროკავშირის ადმინისტრირებისა და სამართლებრივი მოწყობის თვალსაზრისით.


თავის ნაშრომში მიშელ მუსხელს განმარტებული და სამართლებრივ-ინსტიტუციონალური დეტალების სიზუსტით ნაწინასწარმეტყველები აქვს თანამედროვე ევროკავშირის ფუნქციონირების ისეთი ელემენტები, როგორიცაა: ევროკავშირსა და მის წევრებს შორის სამართლებრივ კომპეტენციათა გამიჯვნა, ევროკავშირის სამართლებრივი მოწყობის საკითხები, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლების საკითხები, ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობა, ევროკავშირის წევრობისა და ევროკავშირიდან გასვლის საკითხები, ევროკავშირის როგორც წევრი, ასევე ე.წ. ასოცირებული წევრი ქვეყნების სტატუსი, ერთიანი ევროპული იდენტობა და ევროპის მოქალაქეობა, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური და დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირება, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესის მოდალობები, ევროკავშირისთვის სამართლებრივი სუბიექტის სტატუსის მინიჭების საკითხი; ევროკავშირის ბიუჯეტი და მონეტარული პოლიტიკა, და სხვა.


„ნაშრომი „ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“ გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მას დანართად აქვს ევროკავშირის პირველი ფედერალური კონსტიტუცია. მისი ავტორიც მიშელ მუსხელია. თუმცა, ამ ნაშრომის ძირითადი ღირებულება ისაა, რომ მიშელ მუსხელს ჯერ კიდევ 1949 წელს სამართლებრივად ინსიტუციურ ასპექტებში ზედმიწევნით აქვს აღწერილი თანამედროვე ევროკავშირი. ისევე როგორც ევროკავშირის განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ამ ეტაპებზე აღმოცენებული სხვადასხვა პრობლემა და მათი გადაჭრის გზები,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა.


მიხეილ მუსხელიშვილს ეკუთვნის ევროპის მოწყობის შესახებ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის “Confederation et Federation: L’antithese”; “Confederation ou Federation Europeenne?”; “Europa Aeterna”.


2022 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ მუსხელიშვილი, ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მათ შორის, ევროპის პირველი კონსტიტუციის შექმნისთვის, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930