21-04-2023
„რასაც ვამბობდით, რომ აშშ-თან პარტნიორობა ვასალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავს, დღეს ამას შარლ მიშელი და მაკრონი ამბობენ; რასაც ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, დღეს ამას ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაზე ამბობს“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ელჩი პატივს არ სცემს ქართულ მართლმსაჯულებას. არაფრად აღიარებს, არც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას კეზერაშვილთან დაკავშირებით, ამ დროს კი, ქართველ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ კორუმპირებულები არიან, ეს დამოკიდებულება არამხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დაცინვაცაა.
„პირველ რიგში, ძალიან მოკლედ შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენი - „ხალხის ძალის“ განცხადებები, რომლითაც ავიღეთ პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ კულისებში არსებული სიტუაციები სააშკარაოზე უნდა გამოგვეტანა, რადგან ინფორმირებული საზოგადოება მანიპულაციებს ნაკლებად დაექვემდებარებოდა. მათ შორის იყო საკითხი მეორე ფრონტთან დაკავშირებით მიმდინარე ზეწოლაზე, რომელიც გამართლდა.
მაგალითად, ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა - მაკრონი, შარლ მიშელი, პირდაპირ იმ სიტყვებით საუბრობენ, როგორიც იყო „ხალხის ძალის“ განცხადებები და ჩემი და ჩემი კოლეგების კომენტარები 6-7 თვის წინ. რასაც მაშინ ვამბობდით, რომ აშშ-თან პარტნიორობა ვასალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავს, დღეს ამას შარლ მიშელი და მაკრონი ამბობენ; რასაც ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, დღეს ამას ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტი ამბობს. ისიც იცით, რომ ნატოს წევრმა ქვეყანა თურქეთმა საჯაროდ განაცხადა და აშშ-ს საელჩოს თურქეთში კარი დაუკეტა.
ამიტომ კითხვაზე - [„ხალხის ძალა“ თავისი განცხადებებით პარტნიორ ქვეყანასთან, აშშ-თან ურთიერთობებს ხომ არ აზიანებს], პასუხია, რომ - პირიქით, აშშ-ის ელჩის განცხადებები და ქმედებები აზიანებს ურთიერთობებს, ჩვენ კი სიმართლე გამოგვაქვს სააშკარაოზე. პირველი, რაც გააკეთა „ხალხის ძალამ“, არის ის, რომ შევძელით და კულისებიდან გამოვიტანეთ ინფორმაცია და საზოგადოებას სწორად მივაწოდეთ. ქართულმა ხელისუფლებამ ამით შეძლო, რომ მშვიდობა ერთობლივად შევინარჩუნეთ. მეორე, რაც შევძელით, არის ის, რომ მათ შორის აშშ-ის ელჩი იძულებული გახდა კულისებში კი აღარ აწარმოოს მოლაპარაკება, არამედ, ეს საჯაროდ გააკეთოს, რადგან სხვა გზა არ დავუტოვეთ. საჯაროდ, კი, ნახეთ, აშშ-ის ელჩი პირდაპირ რასაც ამბობს - ის არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და კონსტიტუციას.
მაგალითად, როდესაც საუბარია კეზერაშვილის საქმეზე, მისთვის ქართული მართლმსაჯულების სამ ინსტანციას შესაბამისი მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მაგრამ, აშშ-ის ელჩი პატივს არ სცემს ქართულ მართლმსაჯულებას. არაფრად აღიარებს არც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას და ამბობს, რომ აქ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული. ამ დროს კი, ქართველ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე მტკიცებულებების გარეშე ამბობს, ვიცი, კორუმპირებულები არიანო.
ეს დამოკიდებულება მხოლოდ ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დაცინვაა. თურმე აშშ-ის ელჩს მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებაც არ ჰქონია - თუ იტყვის, რომ მტკიცებულება აქვს, მისი სიტყვები ჭეშმარიტებად უნდა იყოს მიჩნეული - აი, ეს აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ეს არ არის ის დემოკრატია, რისკენაც, მათ შორის, ჩვენი წინაპრები მიილტვოდნენ. ასე, რომ პირიქით არის - ჩვენ ვიცავთ ამ ურთიერთობებს, ელჩი კი - აზიანებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024