9-01-2018
მე-20 საუკუნის დასაწყისში, კომუნისტური ხელისუფლების ზეობის პერიოდში, ადამიანებში რწმენის ჩაკვლა აქტიურად მიმდინარეობდა. ანტირელიგიური იდეოლოგიის გამტარებლები მიზნად ისახავდნენ, მოესპოთ ხალხში ღმერთის აღქმა. ამ მოტივით „განსახკომი“ მასიურად ამოწმებდა ქართულ სკოლებში რელიგიურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად მრავალი „არსებითი ნაკლი“ აღმოუჩენიათ, რის გამოც მასწავლებლებისათვის მათი გამოსწორება დაუვალებიათ.
სარწმუნოებისადმი მიმართული პროპაგანდა უმაღლეს სასწავლებლებშიც მიმდინარეობდა. ლექტორებსა და რექტორებს სტუდენტებისათვის ანტირელიგიური აღზრდის საქმის სწავლება ევალებოდათ:
„განსახკომმა შეამოწმა სკოლებში ანტირელიგიური აღზრდის მდგომარეობა. შემოწმების შედეგად მრავალი არსებითი ნაკლი აღმოჩინდა. ამიტომ ლიტერატურის, ისტორიის, ბუნების, ქიმიის, ფიზიკისა და სხვა საგნების მასწავლებლებს წინადადება მიეცათ ნაკლოვანებათა გამოსაწორებლად. ყურადღება მიაქციონ ანტირელიგიური აღზრდის საკითხებს და საპროგრამო მასალა გაამდიდრონ ანტირელიგიური ხასიათის ფაქტებით.
სკოლებში სისტემატურად უნდა მოეწყოს ანტირელიგიური ხასიათის მეცნიერულ-პოპულარული მოხსენებები, საუბრები და მხატვრული დილები მოსწავლეთა და მშობელთათვის. სასკოლო ბიბლიოთეკები სათანადო ლიტერატურით უნდა შეივსოს.
საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი-გამოაცოცხლოს სასკოლო პირველადი ორგანიზაციების მუშაობა. სახელგამს დაევალა პირველ მაისამდე გამოსცეს ანტირელიგიური ხასიათის წიგნები: პეროვსკის- „ანტირელიგიური აღზრდა სკოლაში“, ანტირელიგიური სახელმძღვანელო ნეიმანის რედაქციით და გელოვანის „ანტირელიგიური პროპაგანდის მეთოდიკა“.
პედინსტიტუტების, სამასწავლებლო ინსტიტუტებისა და პედტექნიკუმების დირექტორებს დავალებული აქვთ შეასწავლონ სტუდენტებს ანტირელიგიური აღზრდის საქმე. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტმა თავის სასწავლო გეგმაში უნდა შეიტანოს და დაუსწრებელ საკურსო ქსელსა და მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე დაამუშაოს სკოლებში ანტირელიგიური აღზრდის საკითხები.
თბილისის განათლების მუშაკთა სახლთან მოეწყობა სპეციალური სემინარი, სადაც დამუშავდება სკოლაში ანტირელიგიური აღზრდის სკითხები. რაიონების მეთოდურ კაბინეტებს ევალებათ მოაწყონ კონსულტაცია და აღმოუჩინონ მასწავლებლობას ყოველდღიური დახმარება ანტირელიგიური პროპაგანდის სწორად დაყენებაში. სკოლის დიქრექტორებმა და გამგეებმა სპეციალურად უნდა განიხილონ ეს საკითხი პედსაბჭოს სხდომაზე, შეამოწმონ თავიანთ სკოლებში ანტირელიგიური აღზრდის მდგომარეობა და დასახონ კონკრეტული ღონისძიებანი მისი შემდგომი გაუმჯობესებისათვის“-წერს გაზეთი „კომუნისტი“ 1937 წელს. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©