25-04-2023
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა მართლმსაჯულების კუთხით - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ დგას ბევრ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში გამოწვევები და ეს საკითხი მაისის რეიკიავიკის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს მოხდა ჩემი არჩევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ დგას ბევრ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში გამოწვევები და ეს საკითხი არის მაისის რეიკიავიკის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მეტყველებს იმ მაღალი სტანდარტის თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს დელეგაციის ფორმატიდან გამომდინარე ევროპის საბჭოს ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამსახურება იმ რეფორმებისა, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა მართლმსაჯულების კუთხით და ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსა და ევროპის საბჭოს, ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ჩამოყალიბდა“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
აქვე გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, 3- ჯერ არის ყოველწლიური საჩივრების რაოდენობა შემცირებული.
„სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იზიარებს საქართველოს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას და მას უცვლელად ტოვებს, მათ შორის ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა რუსთავი-2-თან დაკავშირებული და ბევრი სხვა გადაწყვეტილებები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა სწორად ვითარდება,
ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება არის მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული, რაც აძლიერებს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ამიტომ ამ კუთხითაც, ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა ქართული დელეგაციის წევრის ნომინირება ამ პოზიციაზე და მისი ერთხმად მხარდაჭერა ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, მიუთითებს, რომ საქართველოს ამ კუთხით აქვს შესაბამისი აღიარება, მხარდაჭერა და ის საქმიანობა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, არის ამ დონეზე აღიარებული“ - განაცხადა მიქანაძემ.
16-11-2024
16-11-2024