25-04-2023
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დანიაში, ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენელი დანიაში პერ ჰაუგაარდი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები კოპენჰაგენში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნიკოლოზ სამხარაძემ „საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისაკენ: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მოხსენება წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლის ინიციატივით და ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა. ვისაუბრე ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ, დასავლური ინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის ურყევ ნებაზე. ხაზი გავუსვი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ვისაუბრე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ასევე, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ რეგიონებში და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას განხილვის თემებს წარმოადგენდა, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ევროკავშირის გაფართოების საკითხები, ნატო-ში საქართველოს სამომავლო წევრობის პერსპექტივა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
16-11-2024
16-11-2024