27-04-2023
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია თელავში გაიმართა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ლაშა ნაკაშიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ.
კონსულტაციაში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.
,,საქართველო წლებია ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად და დგამს შესაბამის ნაბიჯებს ქვეყნის ეკონომიკის დეკარბონიზაციისთვის. ამ წარმატებების პარალელურად, კლიმატის ცვლილების სფეროში გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ, დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს კლიმატის ცვლილების სფეროს სამართლებრივი რეგულირების ბაზა. რეგულაციები ფრაგმენტულია და ასახულია სხვადასხვა დარგობრივ კანონსა თუ კანონქვემდებარე აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავება და მიღება, რაც ჩამოაყალიბებს ამ სფეროს საერთო სამართლებრივ ჩარჩოს, რაც ხელს შეუწყობს ნათლად განისაზღვროს მოთხოვნები ქვეყნის მიერ აღებული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
„როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე სწორედ არის გააზრებული იმ ძალისხმევის მნიშვნელობა, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით; ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების ჩართულობა არის გასაღები, რომელიც კანონის მიღების შემდეგ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევასრულოთ ყველა ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს კლიმატის ცვლილების პროცესში.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა.
საჯარო კონსულტაციები გაიმართება ქ.თბილისსა და ქ.ქუთაისში. კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024