28-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ამილახვარი: „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – ABET-კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა ერთმანეთს უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
მოხარული ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამა ამ ეტაპზე გადის ABET აკრედიტაციას. აღნიშნული პროგრამა სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება და ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში.
მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკრედიტაციის მქონე ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას, რაც უდიდეს როლს ასრულებს მომავალზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების პროცესში.“
აღსანიშნავია, კონფერენციაზე მონაწილეებმა ABET აკრედიტაციის პროცესის ჭრილში პროგრამების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის პროგრამას, რომელიც წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მიიღებს.
კონფერენციის დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი დაათვალიერა.
16-11-2024
16-11-2024