გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Neue Zürcher Zeitung»: შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის განხილვას შემოდგომაზე დაიწყებს

12-08-2018

შვეიცარიული გამოცემა «Neue Zürcher Zeitung»-ი აქვეყნებს სტატიას, რომლის თანახმადაც შვეიცარიაში ქართველი იმიგრანტ-ლტოლვილების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.


გამოცემის თანახმად, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა შვეიცარიაში ჩასული იმიგრანტ-ლტოლვილთა რაოდენობით - ერიტრეის, სირიისა და ავღანეთის შემდეგ.


მიმდინარე წლის ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, თავშესაფრის მიღებისათვის განცხადება 567-მა ქართველმა წარადგინა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის პირველ ნახევარში (256 განცხადება) და ერთი მეოთხედით მეტია, ვიდრე 2017 წლის მეორე ნახევარში (456 განცხადება). 2000-იანი წლების დასაწყისში იყო პერიოდები, როცა საქართველოდან შვეიცარიაში საკმაოდ ბევრი ლტოლვილი ჩამოდიოდა, მაგრამ ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა საქართველოს მეოთხე ადგილი უკავია.


ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2016 წლიდან, შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ აძლევს. 2017 წელს არცერთი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული. 2013 წლიდან, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღებიდან დიდი ხნით ადრე, შვეიცარიაში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, თავშეაფრის მიღების განცხადება 48 საათში განიხილება. „შვეიცარიისა და საქართველოს თანამშრომლობა მიგრანტების უკან დაბრუნების საკითხში პრობლემების გარეშე მიმდინარეობს“, - ამბობს მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატის წარმომადგენელი მარტინ რეიხლინი. დეპორტირება სპეციალური ავიარეისების მეშვეობითაც ხორციელდება.


თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ზომები ქართველებზე გავლენას ვერ ახდენს და სასურველ დამამუხრუჭებელ ეფექტს არ იძლევა. ამიტომაც შვეიცარიამ, რომელიც, მართალია, ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ შენგენის ზონის ხელშეკრულებას 2008 წლის 12 დეკემბერს შეუერთდა და აქედან გამომდინარე, ერთპიროვნულად ქართველთა უვიზოდ გადაადგილების შეზღუდვა არ შეუძლია, ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე დააყენა. 26 თებერვალს ბერნმა ევროკომისიას აცნობა, რომ თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ის პირობაა, რომლის დროსაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეუძლია. ამ საკითხში შვეიცარია მარტო არ ყოფილია - იგივე გააკეთა გერმანიამაც. მიგრაციის სახელმწიფო სეკრეტარიატი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი პრობლემის განხილვას შემოდგომაზე დაიწყებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031