გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.

  

ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საუბრისას სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათთვის ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

  

გიორგი ამილახვარი: „დღეს საქართველო და თბილისი მასპინძლობს ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას, რომელიც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის  ორგანიზებით იმართება. საქართველოს განათლების სისტემა და ჩვენი სტუდენტები დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან – ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის განვითარებაში ახალგაზრდა თაობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მიმდინარე პროცესებში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად, რაც აძლიერებს მათ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ქართველ სტუდენტებს მივცეთ ევროპული განათლების მიღების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.“

 

ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და ევროპის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტმა მატეო ვესპამ. ღონისძიების მსვლელობისას ასევე წაიკითხეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელის მისასალმებელი სიტყვა.

  

ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც 2019 წლიდან ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) სრულუფლებიანი წევრია. 

  

ESU - დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა. 

  

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930