გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში "პრეზიდენტის" ასაკის განსაზღვრაზე მსჯელობენ

12-08-2018

აფხაზეთში პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის ასაკის მიმართ მოთხოვნა იცვლება და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების ამბიციებთან არის კავშირში.


ახლა იმისთვის, რომ ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს, საჭიროა, რომ ის შემდეგ პირობებს აკმაყოფილებდეს:


ეთნიკური აფხაზობა;


აფხაზური ენის ფლობა;


აფხაზეთის მოქალაქეობა;


ასაკი 35-დან 65 წლამდე


გარკვეული დროის წინათ პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისთვის“ მესამე პუნქტის შეცვლის ინიციატივით გამოდიოდა – გაზრდილიყო ასაკობრივი ცენზი 45-დან 75 წლამდე.


მომხრეთა არგუმენტები


აფხაზეთის ლიდერისთვის არასაკმარისია უმაღლესი განათლებისა და კომპეტენციის ქონა, – განმარტავენ სახალხო ფრონტის წარმომადგენლები ასაკობრივი ცენზის გაზრდის წინადადებას.


„აუცილებელია ერთმანეთთან შერწყმული პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მრავალწლიანი და ბეჯითი შრომით არის დაგროვილი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად ქვედა ასაკობრივი ზღვარის 45 წლამდე გაზრდა“, – განაცხადეს სახალხო ფრონტის წარმომადგენლებმა.

ცენზის შეცვლის შესახებ ინიციატივას რამდენიმე ორგანიზაციამ, მათ შორის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები პოლიტიკაში“, ასევე ცნობილმა პიროვნებებმა დაუჭირეს მხარი.


მაგალითად, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას, რომელიც ახლა საექსპერტო ფონდ „ახიპშიმრა“-ს ხელმძღვანელობს, მიაჩნია, რომ ახლანდელი შეზღუდვა – 65 წელი, რომელიც დღეს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უკიდურესი შესაძლო ასაკია, დისკრიმინაციულია.

„ძლიერი, განათლებული და ეროვნულად ორიენტირებული ლიდერის პრობლემა ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან მწვავედ დგას. ამიტომაც ასეთი ლიდერობისთვის შესაძლებლობების 35 წლიდან 65 წლამდე მონაკვეთით შეზღუდვა არალოგიკური და კონტრპროდუქტიულია. ამგვარი შეზღუდვები მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში არ არსებობს“, – მიაჩნია ჩირიკბას.


მოწინააღმდეგეთა არგუმენტები


„ალბათ პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტების ძიებამ 2019 წლისთვის შედეგი არ გამოიღო და ამიტომ რაღაც მცდელობები ჩნდება“, – თქვა პარლამენტის დეპუტატმა ახრა აბუხბამ, რომელიც პროსაპრეზიდენტო უმრავლესობას წარმოადგენს“. და აღნიშნა: „ამავდროულად კონკრეტულ პერსონებზე არ გადავდივარ“.


აფხაზეთის საკითხებში JAMnews -ის რედაქტორმა და დამოუკიდებელი გაზეთის „ჩეგემის სიმართლე“-ს მთავარმა რედაქტორმა ინალ ჰაშიგმა ასაკობრივი ცენზის შეცვლის წინააღმდეგ ასევე გამოთქვა აზრი.


„გამოცდილება გამოცდილებად, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რევოლუციურ გარდაქმნებს ახალგაზრდა ლიდერები ახორციელებენ. ხანში შესული პოლიტიკოსი ქვეყნის ხელმძღვანელად ისეთი ქვეყნებისთვისაა მისაღები, სადაც უკვე ყველაფერი დიდი ხნის წინათ არის რეფორმირებული, როგორც მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში. იქ კი, სადაც მხოლოდ პრობლემებია, აფხაზეთის მსგავსად, მათი გადაჭრა მხოლოდ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ლიდერს შეუძლია“, – ამბობს ინალ ჰაშიგი.


წინადადების განხილვა


პარლამენტის კედლებში ცენზის თემა ჯერ ოფიციალურად არ განხილულა, მაგრამ დეპუტატებმა თავიანთი პირადი მოსაზრებები გამოთქვეს.

მაგალითად, ახლანდელი მოწვევის დეპუტატი ნატალი სმირი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარის 75 წლამდე გაზრდა არ ღირს. მისი თქმით, ასევე არ ღირს , რომ ამ თემას პოლიტიკური შეფერილობა მიეცეს.

„უნდა გაიზარდოს ქვედა ზღვარი – თანაც როგორც პრეზიდენტისთვის, ისე დეპუტატებისთვის. იმიტომ, რომ პარლამენტის დეპუტატი განათლებული და გამოცდილების მქონე ადამიანი უნდა იყოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი 40 წელიწადზე ახალგაზრდა ასაკის არ უნდა იყოს, ზედა ზღვარი კი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის“, – ამბობს სმირი.


ამომრჩეველთა აზრი


ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სოციალური ქსელებში გამართული დისკუსია საკმაოდ დიდ აზრთა სხვადასხვაობაზე მეტყველებს, თუმცა მაინც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოება მთლიანობაში პრეზიდენტის შესაძლო ასაკის გაზრდას ემხრობა. ორი სახასიათო კომენტარი:

„პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 71 წლისაა, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი – 78 წლის, პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია – 72 წლის. და რატომ არ შეიძლება პრეზიდენტი 65 წელიწადზე მეტის იყოს?


„უფროსებისადმი პატივისცემა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, მაგრამ ჩინოვნიკებზე ამის გავრცელება არაკორექტულია. დღეს ყველა პროცესი ძალიან დინამიკურად ვითარდება, და დიდი ასაკი ხელის შემშლელი იქნება“.



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930