10-05-2023
„სააკაშვილის დროს მოიხსნა საქართველოს მხრიდან სავიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. თუ არ ვცდები, 2010 წელს იყო ეს. მაშინ ერთ თვეშივე რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციას და მასაც გაეუქმებინა, მაშინაც იტყოდნენ, რომ ეს მიუღებელია? თუ მაშინ არ ჰქონდა რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული? ან ყირიმი არ იყო ოკუპირებული და რუსეთი არ იყო მაშინ ოკუპანტი?“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციას პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი სჭირდება და თუ რამე თუნდაც რამდენიმე მოქალაქისთვის სასარგებლო მოხდა, მათთვის მიუღებელია.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ტყუილზე იძახოს, მართალიაო, შემდეგ კი ამასთან დაკავშირებით რადიკალური პროცესები დაიწყოს და საბოტაჟი მოაწყოს. 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ დააწესა ეს სანქციები.
ძალიან მოკლედ წაგიკითხავთ იმ განცხადებებს, რაც მაშინ გააკეთეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ელისაბედ რუდმა: „მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს! საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა!“ დონალდ ტუსკი, რომელიც მაშინ იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი: „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო!“ ევროკავშირის ოფიციალური განცხადება: „რუსეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არის დისპროპორციული!“. ესე იგი, ხალხი ამბობდა, რომ ის იყო არასწორი და ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როგორც ჩანს, მაშინ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სანქციები დაუწესდათ.
ახლა ამბობენ, ეს სანქციები რატომ მოუხსენით ჩვენს მილიონამდე მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ძლივს დადიოდნენ ხან აზერბაიჯანიდან, ხან თურქეთიდან, ხანაც - ერევნიდან. დაუწესეთ ეს სანქციებიო და ამუნათებენ სულ ყველას, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით მიმოსვლის შეზღუდვაზე და ასევე ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, როცა გააუქმა.
გარდა ამისა, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ სააკაშვილის დროს მოიხსნა საქართველოს მხრიდან სავიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. თუ არ ვცდები, 2010 წელს იყო ეს. მაშინ ერთ თვეშივე რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციას და მასაც გაეუქმებინა, მაშინაც იტყოდნენ, რომ ეს მიუღებელია? თუ მაშინ არ ჰქონდა რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული? ან ყირიმი არ იყო ოკუპირებული და რუსეთი არ იყო მაშინ ოკუპანტი? ეს ხალხი რეალურ სურათზე ამბობს, რომ ეს არის უსამართლობა, ხოლო უსამართლობაზე ამბობენ, სამართლიანიაო.
როდესაც 2019 წელში ასე მოხდა ამერიკა და ევროპა რუსეთს ეუბნებოდა, რომ ეს არის არასწორი საქართველოსთან მიმართებაში, ახლა კი, როცა რუსეთმა გააუქმა ეს შეზღუდვები, ასეთ განცხადებებს აკეთებენ. საზოგადოებას მშვენივრად ესმის, რაც ხდება, მაგრამ მაინც უკეთ რომ ავუხსნათ, რეალურად ეს ხალხი ეთანხმება რუსეთის 2019 წლის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ იმ ფონზე, რომ ამერიკა და ევროპა ამას უსამართლობად მიიჩნევდნენ და მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ აღდგენილიყო ფრენები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, დღეს კი დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მხრიდან ეს სამართლიანი გადაწყვეტილება ყოფიოლა.
„დღეს, 4 წლის თავზე, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყოფილა სამართლიანი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან. თანაც ამბობენ, არ დაუშვათ უვიზო მიმოსვლა რუსეთთანო - როგორ არ უნდა დაუშვა, როცა ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან. პასუხს კი ვერ ვიღებ კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდათ, 2010 წელს რომ მიეღო იგივე გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციას.
სააკაშვილი ბოთლი ღვინით იდგა საზღვართან და რუსებს ეგებებოდა. დღეს უბრალოდ სჭირდებათ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი და თუ რამე თუნდაც რამდენიმე მოქალაქისთვის სასარგებლო მოხდა, მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, თუ რამე კარგი განცხადება კეთდება ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოსთან მიმართებაში, ელეთმელეთი ემართებათ, მეორედ მოსვლა ხდება რადიკალურ ოპოზიციაში, მაშინვე აღმოჩნდება, რომ ვიღაც არის პუტინისტი, ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა, უნგრეთსაც კი გადასწვდნენ, „ნატოს“ წევრ ქვეყანას, პოლონეთსაც და ასე შემდეგ.
ყველა, მათ შორის რეიგანიც, არის პუტინისტი და რუსეთუმე. დონალდ ტრამპზე ხომ აღარ არის საუბარი, ის, მგონი, „ხალხის ძალის" წევრია, ისე გამოჰყავთ. ეს არის მათი რეალური სახე, სწორედ ეს არის რეალობა, რომ 4 წლის წინ ამერიკაც და ევროპაც ეუბნებოდა რუსეთს, რომ არასწორად იქცეოდა და უნდა გაეუქმებინა სანქციები, ხოლო დღეს, რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თუ მივიღებთ რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს რუსეთუმეობაა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024