გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ

11-05-2023

ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, რუსეთის მიერ ცალმხრივად იქნა მიღებული, როგორც ფრენების ჩაკეტვის, ისე გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.


„საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს დღეს დაწესებული ჩარჩოების ფარგლებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარტნიორი ქვეყნების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი იქნება ეს, თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შესულია სანქციების სიაში, არ ექნება შესაძლებლობა, რაიმე ტიპის აქტივობა განახორციელოს საქართველოში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


იგი, ასევე, გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია პარტნიორებთან მუდმივია და ის მომავალშიც გაგრძელდება.


„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებთან მიმართებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტალური ინფორმაცია აქვთ, როგორ ახორციელებს საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ჩემი ვიზიტები, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო ხაზინაში, ასევე, კომერციის დეპარტამენტში, არ უკავშირდებოდა რაიმე კონკრეტულ ფაქტს. ასეთი ტიპის შეხვედრებს ჩვენ ვმართავთ რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო და წლიური შეხვედრების ფორმატში. ასეთი ტიპის კომუნიკაცია ჩვენ გვაქვს მუდმივად, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციებს, ვსაუბრობთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. შესაბამისად, ის ყალბი აჟიოტაჟი, რაც საქართველოში აღნიშნულ ვიზიტზე მოვისმინეთ, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. არანაირი კითხვა არ არსებობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. არანაირი შეკითხვა არ არსებობს არც ერთი - არც სავაჭრო და არც ფინანსური მიმართულებით. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მესამედ შევხვდი. ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩემი რჩევა იქნება, კონცენტრაცია მოხდეს რეალურად არსებული თანამშრომლობის პირობებზე, რაც საქართველოს პარტნიორებთან აკავშირებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930