11-05-2023
ახლა რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელის დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ. ეს პოლიტიკური გაერთიანება, ევროპელი სოციალისტების გაერთიანება, 2015 წლიდან ჩვენ ვართ არა წევრი, არამედ დამკვირვებლის სტატუსით ვართ. ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა, მაგრამ კარგი გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა.
„ეს პარტია, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში, ნული მხარდაჭერა, იგივე რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა სამარცხვინო და უსამართლო და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა. და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა, დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა. ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, დიდმა ნაწილმა, 30-მა პროცენტმა ამ პარტიის. მაშინ გახდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო, ეს ერთი და მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი, კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ. კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ, ვინ იყო ინიციატორი აი იმ ანტიქართული რეზოლუციის, ხომ არ შემახსენებთ, „იპიპი", ანუ ამ "ნაციონალური მოძრაობის" პარტია, ვინც მაშინ, როდესაც უნდა მიეღო ევროპას ისტორიული გადაწყვეტილება, ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, რეალურად, საპირისპირო, საწინააღმდეგო განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. იქ თან ბევრი გაუგებრობები მოხდა. იგივე, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი ლგბტ ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ.
ასევე დღეს პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით, იგივე არსებობს კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან, ასე ვთქვათ, დავპარტნიორდებით. ასე რომ, აქ არაფერი არ ხდება, მგონი მომწიფდა ეს სიტუაცია, ისინი ამზადებდნენ, ივნისში დააანონსეს, ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ხო ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ და თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით. ამიტომ, ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024