18-05-2023
„პარლამენტში ოპოზიციისგან საბავშვო ბაღის შესაფერისი ქცევები ვიხილეთ, რომელიც, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის წინააღმდეგ იყო დადგმული და შესაბამისად, იყო ბოიკოტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი ტელეკამერების წინ მთელი მონდომებით აცხადებს, რომ სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება, სინამდვილეში, საქმით სხვა რამეს აკეთებენ.
„იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა არის ჩვენთვის მოცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ამ რეკომენდაციის შესრულებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საქმეში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ პირნათლად ვასრულებთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. შემდგომში უკვე ჯერი ევროკავშირსა და ევროკავშირის ლიდერ ქვეყნებზე იქნება, მიიღებენ თუ არა იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელზეც ერთი წლით დაიგვიანეს და რომელიც, წესით, შარშან უნდა მიეღოთ.
და მაშინ, როცა პირნათლად ვასრულებთ 12 რეკომენდაციას, რას ვხედავთ: ოპოზიციის მთელი ფლანგი ცდილობს, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეუშალოს ხელი. ისინი ყველა რეკომენდაციაზე წინააღმდეგნი არიან, ცდილობენ შემოიტანონ საბოტაჟი, რადიკალიზმი, დაპირისპირება და განხეთქილება. ის, ვითომდა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც ვითომდა თანამშრომლობენ (გარკვეულ საკითხებში მართლა თანამშრომლობენ და სამუშაო ჯგუფებში, ასე თუ ისე, მონაწილეობენ), საქმე-საქმეზე რომ მიდგა და მოუწოდეს, აბა, დატოვეთ პარლამენტის სასესიო დარბაზი, რომ გავიგოთ ვინ მისცა და ვინ არა ხმაო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ამ მოწოდებას უსიტყვოდ დაემორჩილნენ.
შესაბამისად, ვითომდა კონსტრუქციული ოპოზიციაც, გადამწყვეტი წუთი რომ დგება, დანარჩენებთან ერთიანდება და ერთ, რაღაც ბრძანებას ემორჩილება. ასეთი საქმე იყო მაგალითად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ორ გაუგებარ მომენტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი ტელეკამერების წინ მთელი მონდომებით აცხადებს, რომ თურმე როგორ სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და თურმე როგორ სურთ 12 რეკომენდაციის შესრულება, სინამდვილეში, საქმით სხვა რამეს აკეთებენ.
იმდენად დამაჯერებლად თამაშობენ ამ სპექტაკლს, რომ საზოგადოების ნაწილი და თავიანთი წევრებიც კი შეჰყავთ შეცდომაში - რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადებას გავიხსენებ, რომლებმაც თქვეს, რომ გვეგონა, 12 რეკომენდაციას ვასრულებდითო. იმდენად პროფესიონალურად იტყუებიან, რომ თავიანთ რიგებშიც ვერ გაერკვა ხალხი, რისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. ამ ფონზე, მართალია ეს რეკომენდაცია ბოლომდე ვერ შევასრულეთ, მაგრამ ნაწილობრივ შესრულებულია და ეს დიდი, დადებითი ნაბიჯია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024