გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

18-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევსა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.


სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ემინ ამრულაევს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების საკითხებს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები.

  

შეხვედრის შემდგომ სამინისტროში, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან  თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორმა ჰაფიზ პაშაევმა.


აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, სტუდენტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სემინარის, კონფერენციისა და კულტურული პროგრამის განხორციელების მხარდაჭერასაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930