19-05-2023
ეს არის კლასიკური მაგალითი თქვენს მიერ წარმოებული და თქვენი პარტიის მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები სულ საუბრობდნენ, რომ ამ საქმეს ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და რომ საქართველოში იზღუდებოდა სააკაშვილის უფლებები.
მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა სტრასბურგმა.
„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტი-საქართველოს კამპანია და რატომ, განვმარტავ. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რა იგი მოვათავსეთ ციხეში დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ეს მაინც ფეხზე დგას.
გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა იმის თაობაზე, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად 1 მლნ დოლარი გადაიხადა აშშ-ში, დედამისმა. კითხვა უნდა დაუსვას „ტვ პირველის" და „მთავარი არხის" ჟურნალისტებმა მის ოჯახს და ადვოკატებს, საიდან აქვთ ეს 1 მლნ დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს, მეგობრებო.
მე ძალიან ბევრი მეგობარი, ევროპელი ლიდერი, კოლეგები მესაუბრებიან, მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არც ერთი ქვეყნიდან, მეუბნებიან, რომ ეს არის მტრობა, ეს არის მტრობა, სწორედ, რომ ყოველგვარი არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცეების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს და ხალხმა მინდა იცოდეს, ყველამ ნახა მგონი ძალიან კარგად, რომ არც ერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა სტრასბურგმა და სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი რაც გაკეთდა, არის სწორი და შესაბამისობაში. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. მე მინდა ახლა კითხვა დავუსვა - ეს ამდენი შეკვეთილი სტატიები და დაფინანსებული სიუჟეტები სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე უცხოეთში, რომ ჩვენ თურმე რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, რომ ვკლავთ, არ ვემსახურებით და ა.შ. ამაზე რა კომენტარი ექნება მაგალითად იგივე ამ დესტრუქციულ ძალას? ამით, ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზეა სიმართლე, ჩვენ არაფერს ვიგონებთ, არაფერს ვმალავთ, ესაა კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024