19-05-2023
"ყველამ კარგად ვიცით, რომ თითქმის საუკუნის წინ 1945 წელს ამერიკამ ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რის შედეგადაც დაიღუპა 214 000 მშვიდობიანი მოქალაქე. ამხელა მსხვერპლის მიუხედავად, დღეს ამ ორი ქვეყნის მოქალაქეები და იმ დროს დაღუპული ხალხის შთამომავლები თანამშრომლობენ და პარტნიორობენ", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის იაპონიაში ვიზიტს.
ხუნდაძის განცხადებით, ეს ვიზიტი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ პოლიტიკაში მტრობა დროებითია და ყველანაირი კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს დროთა განმავლობაში.
"დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიაში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩავიდა. ამერიკისა და იაპონიის ასეთი პარტნიორობა იმედის მომცემია პირადად ჩვენთვის, საქართველოსთვის. ბაიდენის ვიზიტი ჰიროსიმაში მთავარი გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ პოლიტიკაში მტრობა დროებითია და ყველანაირი კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს დროთა განმავლობაში, თუკი ეს სახელმწიფოების სურვილი იქნება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ თითქმის საუკუნის წინ 1945 წელს ამერიკამ ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რის შედეგადაც დაიღუპა 214 000 მშვიდობიანი მოქალაქე. ამხელა მსხვერპლის მიუხედავად, დღეს ამ ორი ქვეყნის მოქალაქეები და იმ დროს დაღუპული ხალხის შთამომავლები თანამშრომლობენ და პარტნიორობენ. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს უყურებს ქართველიც, აფხაზიც და ოსიც. დღევანდელ დღეს უყურებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც და ალბათ ხვდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის კონფლიქტი თავად კონფლიქტურმა მხარეებმა მოაგვარეს. ჩვენთვის მსოფლიოს ორი დიდი განვითარებული სახელმწიფო კონფლიქტების მოგვარების საკითხში, საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს. გასაკვირია მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნისთვის მისაღებია, ხოლო ჩვენთვის - არა. ჩვენ კი მაგალითებს სწორედ განვითარებული სახელმწიფოების ია სტორიიდან ვიღებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.
მითუმეტეს, ბოლო 30-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ვერ გვეხმარება ვერც ამერიკა და ვერც ევროპა. ეს არის კონფლიქტი, რომელიც ამერიკის მსგავსად, უშუალოდ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ოკუპანტ ქვეყანასთან. მსურს ჩვენი მიზანი მკვეთრი იყოს ყველასათვის - არც დემოკრატიული განვითარება და არც ეკონომიკური წინსვლა არ გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენა არის ქართველი ხალხის და ქვეყნის ხელისუფლების უმთავრესი მიზანი", - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024