გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ დროს საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა 40-დან 80 ლარამდე ჯდებოდა, დღეს კი უფასოა; აღარ ვლაპარაკობ, იქ კვებასა და პირობებზე... დღეს სახელმწიფო ბაღები კარგი პირობების გამო კერძო ბაღებს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ

19-05-2023

„საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა ჯდებოდა საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე, აღარ ვლაპარაკობთ, იქ კვება როგორი იყო და ა.შ. დღეს საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა არის უფასო, თან იმდენად აიწია სტანდარტებმა და იმდენად კარგი პირობებია, რომ უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ სახელმწიფო ბაღები კერძო ბაღებს, რომ იმ მშობლებმა, რომელთაც აქვთ საშუალება კერძო ბაღში წაიყვანონ შვილი, აღარ იციან სად ჯობია შეიყვანონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბევრ ისეთ პროექტს ახორციელებს ბავშვების სასარგებლოდ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში უბრალოდ არ არსებობდა. გარდა ამისა, ახლა გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

 

„მინდა დღევანდელი დღე მილოცვით დავიწყო - 40 000-ზე მეტმა ბავშვმა სკოლა დაამთავრა, მათ შორის არის ჩემი შვილიც , რომელმაც, მე-12 კლასი დაამთავრა და მინდა წარმატება ვუსურვო ცხოვრებაში, რადგან ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ და მშვიდობიან საქართველოში ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე მოესწრებიან იმას, როდესაც ერთიან და მთლიან საქართველოში იცხოვრებენ. ამაზე დიდი ოცნება, საფიქრალი და სადარდებელი ჩვენ არ გვაქვს. კარგი იქნება, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები, იმიტომ, რომ პრობლემა, რისთვისაც ბატონი მინისტრი და მისი გუნდი აქ მობრძანდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა ამ ერთ თემა მაინც ჩაევლო სპეკულაციების გარეშე.

 

რადგან ეს სპეკულაციები უკვე იყო, მომიწევს რამდენიმე ფაქტი შევახსენო საზოგადოებას და ოპონენტებს, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. მანამდე კი აღვნიშნავ, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ამაზე დიდი ხანია მუშაობს განათლების სამინისტრო, განათლების კომიტეტი პარლამენტში, სხვა კომიტეტებიც. სხვათა შორის, როცა ვიყავით ევროპაში გარკვეული მისიით, (ქალბატონი ნინო და ხატია წილოსანი იყვნენ) , იქ იყო სოფლის მეურნეობის მიმართულება, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ყველა შეხვედრაზე ვსვამდით, როგორ იყო ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ვიყავით, (მათ შორის იყო უნგრეთი და ავსტრია),  გადაწყვეტილი ნუტრიციის პრობლემა. მომზადება სჭირდება ამ საკითხს, არ შეიძლება ასე, ერთი ხელის დაკვრით გავაკეთოთ, რაც მერე, შეიძლება თავში საცემი და სადარდებელი გვქონდეს. თორემ, პრობლემა რომ არსებობს და გადასაწყვეტია, ამაზე ორი აზრი არ არის. თუმცა, ამ პრობლემაშიც ძალიან ბევრი სპეკულაცია და არასწორი ციფრები და მონაცემებია. როდესაც ლაპარაკობენ, რომ ყოველი მეოთხე თუ მეხუთე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და არის შიმშილობის ზღვარზე, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზვარს მიღმა იყო. ეს იყო ყოველ მეორეზე მეტი ადამიანი. დღეს ეს რიცხვი შემცირდა ნახევარ მილიონამდე. ანუ განახევრდა. ნახევარი მილიონი ადამიანი როცა არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს არის ძალიან მაღალი რიცხვი, მაგრამ ესეც არის განახევრებული.

 

დღეს რომ პრობლემას აყენებენ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, რამდენიმე მონაცემი გავიხსენოთ:

საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა ჯდებოდა საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე, აღარ ვლაპარაკობთ, იქ კვება როგორი იყო და ა.შ. დღეს საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა არის უფასო, თან იმდენად აიწია სტანდარტებმა და იმდენად კარგი პირობებია, რომ უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ სახელმწიფო ბაღები კერძო ბაღებს, რომ იმ მშობლებმა, რომელთაც აქვთ საშუალება კერძო ბაღში წაიყვანონ შვილი, აღარ იციან სად ჯობია შეიყვანონ. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საბავშვო ბარში, გარდა იმისა, რომ იყო ფასიანი, ბავშვის კვებაზე გამოყოფილი თანხა იყო რამდენიმე თეთრი, - 10, 20, 30 თეთრის ფარგლებში. ძირითადად, ბავშვის მშობლებს თვითონ დაჰქონდათ ბაღში საჭმელი. პირველივე წელს, როდესაც მოვედით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვანაირად, მაგრამ, დაახლოებით, საშუალოდ 3 ლარამდე გავზარდეთ ეს - 3.50 ლარი იყო მესტიის მუნიციპალიტეტში და 5 ლარამდეა დღეს ასული - ეს არის განსხვავება იმ მონაცემებსა და დღევანდელ მონაცემებს შორის.

 

ბატონ რომან გოცირიძეს ენამ წინ გაუსწრო და მაინც თქვა, ვაშლები ვერ დაარიგეთო. მაინტერესებს, თვითონ რას არიგებდნენ სკოლებში. ერთი სკოლაც არ იყო ისეთი, რომელშიც ელემენტარულად სველი წერტილები იქნებოდა მოწესრიგებული. იმ 33 სკოლის გარდა, რომელიც ააშენა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა - ადამიანმა, რომლისთვის სანქციების დაწესებასაც ასე დაჟინებით ითხოვენ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა ინვენტარიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროგრამა. ამ პროგრამის ნაწილი იყო „ირმის ნახტომიც“. ამ პროგრამით 2006-2010 წლებში მოხდა ქართული სკოლების კომპიუტერიზაცია და ინვენტარიზაცია სასკოლოო მერხებით თუ სხვა საჭირო ნივთებით, სახელმწიფოს კი ამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. რა თქმა უნდა, დღეს ამას კრებითი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ახსენებს და ითხოვს იმ ადამიანისთვის სანქციების დაწესებას, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.

 

ბატონი ხაბეიშვილი მინისტრს ეკითხებოდა, რამდენს იხდით ფასიანი სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებაშიო. მეც ვკითხავ: ბატონო გიორგი, შემთხვევით თქვენი შვილების სწავლის საფასურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხომ არ იხდით, როგორც მათი მინისტრი იხდიდა თავისი შვილის სწავლის საფასურს ამერიკასა და სხვა ქვეყნებში?

 

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, დღეს არ დარჩა სკოლიდან მოშორებით მცხოვრები ბავშვი, რომელსაც არ ემსახურება ტრანსპორტი. მოვიყვან სვანეთის მაგალითს, რა ჯდებოდა და რა ძალისხმევა დაგვჭირდა ამის გასაკეთებლად. იყო, მაგალითად, სოფელი ლახამულა, სადაც ზამთარში ბავშვებს უწევდათ იმ ადგილებზე გამოვლა, სადაც საშიში იყო სიარული, რადგან შეიძლებოდა, მგელი დახვედროდათ გზაზე. დღეს ეს პრობლემა აღარ აქვთ, მაგრამ ეს პრობლემა იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში.

 

სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი დღეს 200 ლარით ფინანსდება. ეს 200 ლარი არის დამატებული იმ დახმარებაზე, ჯანდაცვის სპეციალურ პაკეტებსა და უამრავ სხვა შეღავათზე, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ სახელმწიფოსგან. რამდენი ლარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? - გეტყვით: ნული. არც ერთი ბავშვი არ ფინანსდებოდა, დღეს კი ფინანსდებიან 200 ლარით. ამას ემატება ის, რომ ყოველი მესამე ბავშვი, სანამ გახდება 2 წლის, ყოველთვიურად ფინანსდება სახელმწიფოსგან 150 ლარით. მაღალმთიან რეგიონებში ეს თანხა შეადგენს 200 ლარს, ოღონდ იქ არა მხოლოდ მესამე და შემდგომი, არამედ პირველი და მეორე ბავშვიც ფინანსდება სახელმწიფოსგან. ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930