გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში

22-05-2023

მიმდინარე წლის 21 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან დევდარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფრენბურთში.


ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა. წელს, გამარჯვებისთვის შვიდი გუნდი იბრძოდა.


ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს ''ჩოლურისა'' და ''ლუკოსანდის''გუნდები დაუპირისპირდნენ. წლევანდელი წლის ჩემპიონის ტიტული ამ უკანასკნელს ხვდა წილად.


საპრიზო ადგილების მფლობელები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდის წევრებს სამსახურის მედლები და სიგელები, წლევანდელ ჩემპიონს კი სამსახურის სპეციალური თასი გადასცა.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 2016 წელს დაარსდა და მასში სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. 24 წლის კაპრალი ლევან დევდარიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში დაიბადა. 6 წლის იყო, როცა ოჯახი, საცხოვრებლად, გარდაბანში გადავიდა. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა; ლევან დევდარიანი ჯარში არ გაუწვევიათ.


უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, თავად მიაკითხა სამხედრო კომისარიატს; მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევანიც კონტრაქტით წავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცი დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ლევან დევდარიანი, (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930